20 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
რჩებიან ის ადამიანები, ვინც საქმეს გააკეთებს უფრო უკეთ, ვიდრე წინა პირები - მმართველი გუნდი გიორგი მღებრიშვილის გადადგომაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, გიორგი მღებრიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას არ ადასტურებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, გიორგი მღებრიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.

ეკა ბესელია ასევე, გამორიცხავს, რომ გიორგი მღებრიშვილის მიერ თანამდებობის დატოვება შესაძლოა გამოეწვია იმას, რომ ის არ არის პრემიერის, მამუკა ბახტაძის გუნდის წევრი.

„გამოვრიცხავ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრს შეიძლება ბევრი ასე ახლოს არ იცნობდა და ამის მიხედვით არ ხდება გუნდში გადანაწილება სფეროების და ადგილების თუ პოზიციების. ეს სრულად მიუღებელი მოდელი და ფორმულაა და ასეთი რამ არასდროს არ მიგრძნია,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ თუ პრემიერი მღებრიშვილის გადაყენების გადაწყვეტილებას მიიღებს, მას დასაბუთებული ახსნაც ექნება.

„რჩებიან ის ადამიანები, ვინც საქმეს გააკეთებს უფრო უკეთ, ვიდრე წინა პირები... თუ მიიღო აღმასრულებელმა გადაწყვეტილება გარკვეულ ცვლილებებზე, ალბათ დასაბუთებაც ექნება. მე ვარ პარლამენტის წევრი და სულ არ მეხება თანამდებობებზე ან დანიშვნა ან გაშვება,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„კურიერის“ ინფორმაციით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, გიორგი მღებრიშვილმა.

წყარო „კურიერს“ უყვება, რომ მღებრიშვილის განცხადება საკუთარი სურვილით არ დაუწერია და მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები