20 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
პოლიტიკური თამაში და სტრატეგიის ნაწილი - გიორგი მარგველაშვილი არ ადასტურებს, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას - ეს შეკითხვა გიორგი მარგველაშვილმა ისევ ღიად დატოვა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს მისი პოლიტიკური თამაშისა და სტრატეგიის ნაწილია.

მარგველაშვილი მთავარ სათქმელს ბოლო წუთამდე არ იტყვის და ფიქრობს, რომ ეს ბუნდოვანება „ქართულ ოცნებას“ აიძულებს, უფრო ძლიერი კანდიდატი დაასახელოს.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ უკვე შეთავაზა. გიორგი მარგველაშვილის და დავით უსუფაშვილის აუდიენცია ორი დღის წინ შედგა. უსუფაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებები მან ოპტიმისტური განწყობით დატოვა.

პრეზიდენტის გზავნილების მიუხედავად „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობის პოლიტიკური მოცემულობას ვერ შეცვლის და უსუფაშვილი-მარგველაშვილის ტანდემი კი ანგარიშგასაწევი ძალა ვერ გახდება.

ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას და ივანიშვილის ორი ყოფილი პარტნიორის საარჩევნო შანსებს, სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია. „ევროპულმა საქართველომ“ კანდიდატი ხვალ უნდა წარადგინოს.

„ნაციონალური მოძრაობაში“ კი თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთადერთი რეალური კანდიდატი 10 ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი გრიგოლ ვაშაძეა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პრეზიდენტს ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორი კვირის წინ შესთავაზა. მაშინ ამ გაერთიანებით მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატები“ დაინტერესდნენ. ახლა ყველა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება.

დღის ამბები