20 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
ცრუ ჩვენებისთვის ბრალი ოფიციალურად წარდგენილია - "კურიერმა" დაკავებული არასრულწლოვნის პირველი ჩვენება მოიპოვა

ცრუ ჩვენებისთვის ბრალი ოფიციალურად წარდგენილია - „კურიერისთვის“ ხელმისაწვდომი გახდა საქმის მასალების ის დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია დაკავებული ახალგაზრდას პირველი ჩვენება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ პოლიციაში ერთ-ერთი მოსწავლე ყვება, თუ რა ხდებოდა და რას ხედავდა ის ბნელ ფარდულში. დოკუმენტით ირკვევა, რომ მოზარდმა სამართალდამცველებს არასრულწლოვნების მკვლელობიდან მალევე საქმის არაერთი მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ უამბო.

მათ უთხრა ისიც, რომ სისხლიანი დაპირისპირებისას მათი მხარეც დაზარალდა, რადგან ჩხუბის დროს მისი ერთ-ერთი მეგობარი, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი დაიჭრა. დამნაშავის ვინაობა არ იცოდა, თუმცა დოკუმენტის მიხედვით, მოზარდმა პოლიციას დეტალურად აღუწერა ბიჭი, ვინც სასულიერო პირის შვილს დანა ზურგში დაარტყა.

მომხდარიდან თითქმის 8 თვის შემდეგ გამოძიებამ არასრულწლოვნის მიერ აღწერილი, მწვანე მოსაცმელიანი ხუჭუჭა ბიჭის ვინაობა ვერ დაადგინა და შესაბამისად, არც ისაა დადასტურებული, დაჭრა თუ არა მან დეკანოზ მენაბდის შვილი.

არაოფიციალურად კი თავიდანვე ამბობდნენ, რომ დავით სარალიძის მეგობარი, რომელმაც სასულიერო პირის შვილი დაჭრა, ის მოზარდია, რომელიც გუშინ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი დღეს ოფიციალურად წაუყენეს, თუმცა საქმეში არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტი არ ფიგურირებს.

დაკავებული მოზარდის ადვოკატებისთვის ბუნდოვანია დღეს წაყენებული ბრალის ფორმულირება. გამოძიება 51-ე სკოლის მოსწავლეს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს, საქმეში ორი ეპიზოდია. ერთით, სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ დავით სარალიძის ახლო მეგობარმა სასამართლოს მოკლულის მამასთან კომუნიკაცია დაუმალა.

ზაზა სარალიძისა და მისი შვილის მეგობრების, მათ შორის, დ.ღ-ს შეხვედრა იანვარში შედგა, მოზარდის სასამართლოში დაკითხვამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ შეხვედრის ჩანაწერი „კურიერმა“ გაასაჯაროვა. შეხვედრის დროს მოზარდებმა მოკლული სარალიძის მამას უთხრეს, რომ ერთ-ერთი მოზარდის ბაბუა სასურველი ჩვენების მიცემის სანაცვლოდ დაპირისპირების მონაწილეებს ფულს სთავაზობდა.

თავად სარალიძე დღეს თვლის, რომ მოზარდმა სასამართლოს ცრუ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. არასრულწლოვანზე ზემოქმედებაში კი ის საქმის ერთერთი მთავარი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებს ადანაშაულებს. სარალიძის მტკიცებით, მოზარდს იმ პირების დასახელება შეუძლია, ვინც დავით სარალიძეს ჭრილობებს აყენებდა.

მოზარდის ბრალდების მეორე ეპიზოდი, უშუალოდ საქმის გარემოებებს უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

წინაწარ გამოძიების დროს მან განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს მიხეილ კალანდია ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა სასამართლოში ეს გარემოება უარყო.

ბრალდებული მოზარდის დედა, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით შვილის ყველა დაკითხვას ესწრებოდა, ამტკიცებს, რომ მის შვილს სასამართლოსთვის განსხვავებული ინფორმაცია არ მიუწოდებია.

 

დღის ამბები