მორიგი თავდასხმა ქართულ პროდუქციაზე - ქართული ღვინის ნაწილი რუსულ ბაზარზე ისევ დაიბლოკა. როსპოტრებნადზორი ალკოჰოლურ სასმელებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებას აანონსებს.
16 ათასი ლიტრი ქართული სასმელი კი რუსეთის ბაზარმა უკვე დაბლოკა. ვლადიმერ პუტინის გუშინდელი მუქარის შემდეგ ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ გადადგა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში მომხდარს ჯერ კიდევ სწავლობენ. ქართული ალკოჰოლური სასმელების მაკონტროლებელ ორგანოში აცხადებენ, რომ დაწუნებული 16 ათასი ლიტრი რუსეთში გატანილი მილიონობით ლიტრიდან ძალიან ცოტაა და მორიგი ემბარგოს წინა პერიოდის ნიშნებს ვერ ხედავენ.
ღვინის ექსპორტი კი გასულ წელთან შედარებით 36%-ით არის გაზრდილი. ასეთი ვაჭრობის ფონზე, მაღალ რისკებზე საუბრობენ ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები. მათი ნაწილი ღვინის სააგენტოსგან კონტროლის მექანიზმის გამკაცრებასაც მოითხოვს.
ოპოზიციური პარტიების შეფასებით, გაზრდილი ექსპორტის შედეგად, ასევე, იზრდება ამავე კაპიტალის დაკარგვის რისკიც, მიზეზი, პუტინის რუსეთის მხრიდან ისეთი სიურპრიზების ჩვევა, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გააქტიურებას მოყვება ხოლმე.
ეკონომისტები ნაწილი ხელისუფლებას რუსეთიდან მომავალი საფრთხეების სწორად გაანალიზებას ურჩევენ.
უხარისხობის მიზეზით, რუსეთის ფედერაციამ საქართველოდან ალკოჰოლური სასმელების შეტანა 2006 წელს უკვე აკრძალა, მაშინ რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს გადაწყვეტილებამ ქართულ ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა.
ქართული ღვინისა და კონიაკის ექსპორტი რუსეთში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში დაბრუნდა.