ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. მამუკა ბახტაძემ ბოლო შეხვედრა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან გამართა.
საუბარი შეეხო სამომავლო ნაბიჯებსა და ასოცირების ხელშეკრულებას. სამდღიანი ვიზიტის შედეგები პრემიერმა დღის ბოლოს ჟურნალისტებთან შეაჯამა.
„დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იოჰანეს ჰანთან. ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ დაანონსებული გვაქვს, ძალიან დიდ მხარდაჭერას პოვებს ჩვენს მეგობრებში. ამასთან ერთად, განვიხილეთ DSFTA ფარგლებში ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც ასევე ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოვიპოვეთ იმ ეკონომიკურ რეფორმებში, რომელსაც განვახორციელებთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ზალკალიანის თქმით, საქართველოს მთავრობის მიდგომებმა დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლდათ საქართველოს პრემიერ მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი. კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უკავია მოწინავე ადგილი,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.