საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი ამ დრომდე უცნობია. პრეზიდენტს არჩევნების თარიღის არდასახელების გამო ოპოზიციის მსგავსად მმართველი გუნდის წევრებიც აკრიტიკებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მარგველაშვილის მხრიდან თარიღის დასახელების გაჭიანურებაზე, საერთაშორისო დამკვირვებლებიც საუბრობენ.
„ამ ვადის დასახელება ნიშნავს იმას, რომ კანონით არსებული გარკვეული რეგულაციები ჩაირთვება და შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთვის შესაბამისი გარემო შეიქმნება. მე ვფიქრობ, აჭიანურებს იმიტომ, რომ ის აპირებს თავისი ვადის ბოლო დღემდე მიყვანას და გამოყენებას და მე ვფიქრობ, რომ ის დანიშნავს არჩევნებს ალბათ, ოქტომბრის ბოლო რიცხვებში და ეს ემსახურება იმას, რომ მან თავისი საპრეზიდენტო დღეები ამოწუროს ბოლომდე,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილი.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვერ ჩამოყალიბდა, რა როლი ექნება მას საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
„ალბათ, მაინც სუბიექტურია, მისი მხრიდან გაჭიანურება. წინა არჩევნების შემთხვევაში გაცილებით უფრო ადრე იღებდა ბატონი მარგველაშვილი ასეთ გადაწყვეტილებებს, ახლა აჭიანურებს. როგორც, ჩანს, არის რაღაც სუბიექტური ფაქტორი ამ გაჭიანურების მიზეზი,“ - განაცხადა გაბუნიამ.
პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის არდასახელებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიაც გამოეხმაურა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ თარიღის დასახელების დრო ახლოვდება.
რაც შეეხება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატს, ბესელია ამბობს, რომ ის გენდერული ნიშნით კანდიდატის არჩევის იდეას მიესალმება და ასევე, მისთვის მისაღები იქნება, თუ მმართველი გუნდი დამოუკიდებელ კანდიდატს გამოუცხადებს მხარდაჭერას.
საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები მმართველ გუნდში მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუმცა ვერსიები კვლავაც სხვადასხვაა.
სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე უნდა დაასახელოს არჩევნების თარიღი მოქმედმა პრეზიდენტმაც. ოქტომბრამდე 2 თვე რჩება, თუმცა გიორგი მარგველაშვილი ამჯერად არ ჩქარობს. წინა არჩევნებზე მან თარიღი 4 თვით ადრე გამოაცხადა.