08 დეკემბერი 2024,   07:22
ვრცლად
"უნდა შეემჩნიათ და შეეჩერებინათ," - საგამოძიებო კომისიის წევრები ხორავას ქუჩის ტრაგედიაში სკოლის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

„ყველა ის დარღვევა, რომელიც წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას არის სისტემური და მზარდი პრობლემა საქართველოს სკოლებში,“ - ამის შესახებ განცხადება სერგო რატიანმა გააკეთა . „ევროპული საქართველოს“ წევრი არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეში 51 -ე სკოლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მაშინ როდესაც მოზარდებს შორის დაპირისპირების წინაპირობა არსებობდა, სკოლის ადმინისტრაციას უნდა შეემჩნია, რომ არასრულწლოვანები საქმის გასარჩევად იკრიბებოდნენ. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა ვიდეომასალაც წარმოადგინეს, სადაც კარგად ჩანს 35-მდე მოსწავლე, რომელიც შენობის მიმდებარედ იკრიბება. 

„მეორე სერიოზული პრობლემა არის განსაკუთრებით სახიფათო საგნები, ეს არის დანა და იარაღის ტარების დროს ვერც სკოლა და ვერც შსს-ს ქმედებები არ არის ეფექტური და ადეკვატური. 2017 წლის პირველ დეკემბერს, იცოდნენ რა სკოლის ადმინისტრაციამ სკოლაში მომხდარი უთანხმოების შესახებ, უნდა შეემჩნიათ და შეეჩერებინათ ის პროცესი, როდესაც 35 მოსწავლე მიდის გადაადგილდება და ისინი მიდიან  საქმის გასარჩევად. ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესწავლა სკოლის მიმართულებით, შესწავლა იმ გადაცდომებისა, რაც მოხდა სკოლაში დღემდე განათლების სამინისტროს არ მოუხდენია,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული უსაფრთხოების პრობლემები დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, კომისიის მუშაობის პროცესში, სულ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა, რის გამოც ტრაგედია მოხდა.

„მაშინ  როდესაც ვისმენდი კონკრეტული ადამიანების პასუხებს შეკითხვებზე , მაშინ როდესაც ვეცნობოდი მასალებს ბევრჯერ მქონდა ხოლმე ისეთი განცდა, რომ კონკრეტული ადამიანი, კონკრეტულ მომენტში სხვანაირად მოქცეულიყო, ეს საშინელი ტრაგედია შეიძლება არ მომხდარიყო. თქვენც ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს განცდა, ეს ემოცია ბევრ შემთხვევაში გვქონდა. დაწყებული იქიდან რომ ვიღაცას გამოეჩინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, დამთავრებული იმით, რომ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა ჯეროვნად შეესრულებინათ,“-განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

დღის ამბები