26 დეკემბერი 2024,   15:17
ვრცლად
დამოუკიდებელი ექპერტის მწვავე ანგარიში ევროპარლამენტში-თამარ ხულორდავა ნონა მიხელიძეს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს

თამარ ხულორდავა ევროპარლამენტის დამოუკიდებელ ექსპერტს ნონა მიხელიძეს პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და სუბიექტურობაში ადანაშაულებს. გაითვალისწინებს თუ არა ევროპარლამენტი ნონა მიხელიძის რეკომენდაციებს, ეს კვირის ბოლოს გაირკვევა. 7 სექტემბრამდე შეუძლიათ ევროპელ დეპუტატებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშში ცვლილებების შეტანა. კენჭისყრა კი, ბრიუსელში ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება.

„შეიქმნა  ისეთი სიტუაცია რომელსაც რეალობასთან არავითარი საერთო არ აქვს. მთელი აქცენტი გაკეთდა  ერთ-ერთ კვლევაზე, რომელიც არ არის ანგარიშის ნაწილი და ისე იყო წარმოჩენილი თითქოს ევროპარლამენტი იყო ძალიან კრიტიკული საქართველოს მიმართ. ეს არის ერთ-ერთი  კვლევა მრავალთა შორის, რომელიც არის ინფორმაციის ერთ-ერთი  წყარო ევროპარლამენტისთვის და მხოლოდ ერთ-ერთი. მას გამოარჩევს ის, რომ ის არის  საკმაოდ დაბალი ხარისხის და პოლიტიკურად მიკერძოებული,“-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე იმსჯელეს. საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს საკითხზე მომხსენებლის ანდრეის მამიკინსის ანგარიში განიხილეს, რომელიც შედარებით ნაკლებად მწვავე იყო. თუმცა, ოფიციალურ ანგარიშთან მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვიდა ალტერნატიული დასკვნა, რომელიც ევროკავშირმა დამოუკიდებელ ექსპერტს დაუკვეთა.

მოწვეული ექსპერტის, ნონა მიხელიძის 224 გვერდიანი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კვლავაც პრობლემაა სუსტი ინსტიტუციები, არაფორმალური მმართველობა და ზოგადი პოლიტიკური სივრცე.

დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნაში დასახელებული ჰქონდა არაფორმალური მმართველობა და კულისებში მიღებული გადაწყვეტილება. დღეს ევროპარლამენტარებს ყველაზე მეტი კითხვები სწორედ დამოუკიდებელ მკვლევართან ჰქონდათ. 

დღის ამბები