26 დეკემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი საქართველოშია

ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი საქართველოშია. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ევროკომისარსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის და გაკეთდა კომენტარები.

იოჰანეს ჰანის თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის წარმომადგენლებთან ახალი უმაღლესი ფორმატით დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც პირველად ნოემბერში გაიმართება.

„კარგია, რომ პერმანენტულად გვაქვს შეხვედრები. ჩვენ გამოვნახეთ გზები და საშუალებები განსაკუთრებული ფორმატის შესაქმნელად ჩვენი ურთიერთობებისთვის და პირველი შეხვედრა გაიმართება ნოემბერში საქართველოს მთავრობას და კომისიას შორის. განვიხილავთ იმ სფეროებს, სადაც უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ურთიერთობების გასაღრმავებლად. უამრავი შესაძლებლობა გვაქვს, რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელია. ეს პოტენციალი უნდა ავითვისოთ,“ - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იოჰანეს ჰანს გააცნეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ძლიან ბევრ საკითხზე, მათ შორის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ბატონ ჰანს დეტალურად ვაცნობე ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილი არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ახალი ფორმატი, რომელიც უპრეცენდენტოა და მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში არის შემოღებული და ნოემბერში ჩვენ გვექნება საქართველოს მთავრობას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის უმაღლესი დონის შეხვედრა ბრიუსელში, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. გვქონდა ასევე საუბარი სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი და რომ ამ მონაპოვარს სჭირდება გაფრთხილება, რასაც საქართველო აკეთებს,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროკომისარი საქართველოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნის ცერემონიისთვის ჩამოვიდა. ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება.

დღის ამბები