26 დეკემბერი 2024,   15:13
ვრცლად
შტურმი დამოუკიდებელ ექსპერტ ნონა მიხელიძეზე - „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკა თავდასხმებისა და შანტაჟის მიზეზი ხდება

დამოუკიდებელ ექსპერტ ნონა მიხელიძეს ანონიმური ინტერნეტმომხმარებელები უკვე ხუთი დღეა, ემუქრებიან.

სოციალურ ქსელში ყალბი მომხმარებლების თავდასხმის ობიექტი რომის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ქართველი მკვლევარი მას შემდეგ გახდა, რაც ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში წარუდგინა და მოხსენების ერთი თავი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას მიუძღვნა.

ევროპარლამენტში ნონა მიხელიძემ იმ ყალბი Faceook-გვერდების ფოტოასლებიც გადააგზავნა, რომელიც სამი დღის წინ მისი სახელით შეიქმნა.

მთავარი ფოტო მიხელიძის და მიხეილ სააკაშვილის სურათია, თუმცა, აღნიშნული ფოტო ნამდვილი არ არის. ის ფოტომონტაჟია.

ქართველი მკვლევარი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის შესახებ მომზადებული კრიტიკული ანგარიშის შემდეგ მას ოპოზიციასთან გარიგებაში ადანაშაულებენ და მსგავსი ფოტომონტაჟების საშუალებით ამ ვერსიის გამყარებას ცდილობენ.

მწვავე ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ ევროპარლამენტში ოფიციალური წერილი გაგზავნა და რომის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელის დასკვნაში მოყვანილი ფაქტები ეჭვის ქვეშ დააყენა.

წერილში, რომელიც ნონა მიხელიძეს ევროპარლამენტარებმა გადაუგზავნეს, ქართული ოცნების დეპუტატები მხოლოდ რელიგიური უმცირესობების შესახებ ჩანაწერს აპროტესტებენ, თუმცა, არ უარყოფენ არაფორმალურ მმართველობას ზეწოლას მედიასა და სასამართლო სისტემის კრახს.

ნონა მიხელიძეზე თავდასხმა იმ ინტერნეტგვერდებით ხორციელდება, რომელსაც უკვე წლებია, ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის იყენებენ.

დამოუკიდებელი ექსპერტის მიმართ სახელიუსფლებო და ინტერნეტშტურმს ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები "ხელისუფლების მხრიდან მართულს" უწოდებენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები