26 დეკემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ხორავას ქუჩის სისხლიანი საქმის კომისია დამნაშავეებს ასახელებს - რეკომენდაციებს „ქართული ოცნება“ არ ეთანხმება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი საქმის ფარგლებში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია კონკრეტულ დამნაშავეებს ასახელებს.

ევროპული საქართველოს წევრები მთავარ პროკურორს საქმის გამომძიებლის, ზედამხედველი პროკურორის, თბილისის პროკურატურის მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელების და ასევე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას სთხოვს.

კომისიის უმრავლესობას მიაჩნია, რომ პოლიციის და პროკურატურის მაღალჩინოსნებმა, მინიმუმ, სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს, მაქსიმუმ კი, უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და მტკიცებულებების განადგურებას შეუწყვეს ხელი.

გამოძიების დაწყების პარალელურად, ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის გენერალურ ინსპექციებს კონკრეტული პირების საქმიანობის შესწავლას სთხოვს. ცალკე გამოყოფილია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუას საქმე. 

ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა ურთიერთ ბრალდებებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის შეთავაზებულ ფორმულირებას არ ეთანხმება. მათი მტკიცებით, ევროპული საქართველოს წევრები პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

მმართველი გუნდის წევრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მიხეილ კალანდიაზე გაკეთებული ჩანაწერი.

კომისიის უმრავლესობას კალანდიას წინააღმდეგ ორი რეკომენდაცია აქვს. ისინი ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის წინააღმდეგ გამოძიებას დაწყებას ცრუ ჩვენებისა და დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობისთვის ითხოვენ.

კომისიის უმრავლესობა ასევე ითხოვს, რომ გამოძიება პროკურატურის მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლის, უფლებამოსილები ბოროტად გამოყენებისა და კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის გამო დაიწყოს.  

ევროპული საქართველოს მომზადებული რეკომენდაციების განხილვა ისევ გრძელდება. კომისიას საბოლოო დოკუმენტი მზად ხვალ უნდა ჰქონდეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები