26 დეკემბერი 2024,   15:30
ვრცლად
ყველა ხმა მნიშვნელოვანია - იოჰანეს ჰანი ახალგაზრდებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში თბილისში ვიზიტი დაასრულა. ოკუპაცია, ევროატლანტიკური ურთიერთობები და მოახლოვებული არჩევნები იყო მთავარი თემები, რომლებზეც ვიზიტის ბოლოს ევროკომისარ იოჰანეს ჰანს მოუწია საუბარი.

პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის ლიდერებთან გამართული შეხვედრები ძირითადად ქვეყნის დასავლური პერსპექტივის განხილვას დაეთმო. ოპოზიციასთან დიალოგის მთავარი თემა კი დემოკრატიის გამოწვევები და წინასაარჩევნო გარემო იყო.

არჩევნების თემაზე დასმულ კითხვაზე იოჰანეს ჰანი პირდაპირ არ პასუხობს, მაგრამ მოუწოდებს ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მითუმეტეს ახალგაზრდებს, გამოიყენონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შანსი.

„ჩვენ არასდროს ვაკეთებთ კომენტარს არჩევნებზე, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებზეც, რადგან არ ვერევით ხალხის თავისუფალ არჩევანში. ჩემი ერთადერთი გზავნილია ახალგაზრდა თაობის მიმართ, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა, წავიდნენ უბნებზე და მისცენ ხმა, ყველა ხმა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

იოჰანეს ჰანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გახსნის მიზნით ესტუმრა საქართველოს. ევროკომისრის თქმით, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ამ სკოლის გახსნა მისი ინიციატივა იყო.

„ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, დაგეხმაროთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებაში თქვენი მიზნების მისაღწევად, სწორედ ამიტომ ვიწყებთ ამბიციურ პროექტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა იქნება ჩვენი რეგიონული თანამშრომლობის სიმბოლო. ასეთი სკოლის დაარსება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ იყო ჩემი ხედვა,“ - განაცხადა ჰანმა.

დღის ამბები