26 დეკემბერი 2024,   21:16
ვრცლად
ანტონ აგაფონოვს რუსეთში წამება ემუქრება - საქართველო რუსი ბიზნესმენის ექსტრადირებას გეგმავს

რუსეთის მოქალაქე ანტონ აგაფონოვი, რომლის საქართველოდან ექსტრადირება იგეგმება, ამტკიცებს, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს მიერ იდევნება და დახმარებას საქართველოს სთხოვს.

რუსი ბიზნესმენი ბათუმში 2012 წლიდან ცხოვრობდა და საქმიანობდა. რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ის გასული წლის დეკემბრის ბოლოს დააკავეს და, თითქმის, 9 თვეა, საექსტრადიციო პატიმარია. აგაფონოვი ამტკიცებს, რომ მისი რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება.

ქართულმა მართლმსაჯულებამ აგაფონოვს დაცვაზე უარი უთხრა. ФСБ-ს მიერ დევნილი ბიზნესმენის რუსეთში ექსტრადირების გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს მიიღო.

ანტონ აგაფონოვი 2012 წელს რუსეთიდან ზეწოლისა და შანტაჟის გამო, გამოიქცა. მისი ინფორმაციით, წლების განმავლობაში ის სამშენებლო ჰოლდინგს ხელმძღვანელობდა, საიდანაც მოგების გარკვეული პროცენტი ФСБ-ს პოლკოვნიკ ვლადიმერ კონკინს მიჰქონდა. აგაფონოვი ამტკიცებს, რომ ბოლოს კონკინმა მთელი მისი ბიზნესის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა, რა მოტივითაც მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს.

აგაფანოვის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამი თანამშრომლის ახსნა-განმარტება მოიპოვა, სადაც ისინი ყვებიან თუ როგორ ემუქრებოდა ФСБ-ს პოლკოვნიკი კონკინი ბიზნესმენს და აიძულებდა ბიზნესის დათმობას.

აგაფონოვის პროკურატურას არ სჯერა. საქმის პროკურორი კი ამტკიცებს, რომ დარბაზში ნათქვამი სიტყვების გასამყარებლად რუს ბიზნესმენს მტკიცებულებები არ წარუდგენია.

 

დღის ამბები