26 დეკემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს

კაპრალი მირზა ჩაჩუას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს.

შვილმკვდარი მამა ამტკიცებს, რომ სამინისტრომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის დასკვნა იმის გამო გააყალბა, რომ აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ გადაეხადათ.

კაპრალი მირზა ჩაჩუა ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო წვრთნების დროს დაიღუპა. ის სწავლების დროს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნაში ჩაწერეს, რომ ჯარისკაცს გულის შეტევა ალკოჰოლის ჭარბი დოზის გამო დაემართა.

კურიერთან წვრთნების დროს გარდაცვლილი ჯარისკაცის მეუღლე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბოს, რომ მინისტრ ლევან იზორიას მითითებით გარდაცვლილი ჯარისკაცების ექსპერტიზის დასკვნებში მცდარ მონაცემებს განზრახ წერენ. ამით სამინისტრო ვალდებულებას იხსნის, ოჯახებს ფინანსური დაეხმარება აღმოუჩინოს.

მას შემდეგ, რაც დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ჯარისკაცის სისხლში ალკოჰოლი აღმოაჩინეს, სამინისტრო გათავისუფლდა ვალდებულებისგან, ოჯახისათვის კომპენსაცია გადაეხადა.

წვრთნების დროს გარდაცვლილი კაპრალის ოჯახის წევრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ. ოჯახი მზად არის, სიმართლის დასადგენად ცხედრის ექსგუმაცია მოახდინოს.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მირზა ჩაჩუას ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებას უარყოფენ, თავდაცვის სამინისტროში კი კომენტარს არ აკეთებენ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების მხრიდან ბრალდების კიდევ ერთი ადრესატი სადაზღვევო კომპანიაა. სამხედრო მოსამსახურეების დაზღვევას ჯიპიაი ჰოლდინგი უზრუნველყოფს. ხელშეკრულების მიხედვით, სწორედ მათ უნდა გადაუხადონ კომპენსაცია ოჯახს სამხედროს პოლიგონზე გარდაცვალების შემთხვევაში.

31 წლის კაპრალ მირზა ჩაჩუას გარდაცვალების საქმე მისი ოჯახისთვის ამ დრომდე ბურუსით არის მოცული.  

დღის ამბები