21 დეკემბერი 2024,   20:04
ვრცლად
კმარა, ჩემი აბუჩად აგდება! - სარალიძე და მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციების განახლებას ხვალიდან გეგმავენ

შვილმოკლული მამები საპროტესტო აქციების განახლებას ხვალიდან გეგმავენ. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ბრიფინგი ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, გამართეს და საზოგადოებას სიმართლის დადგენის მიზნით გვერდში დგომისკენ მოუწოდეს.

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მისი შვილის მკვლელებს მფარველობს.

„პირდაპირ განაცხადა ხელისუფლებამ რომ მკვლელი არ არსებობს და მკვლელს ვერ მისცემენ პასუხისგებაში და არა მარტო მკვლელს, არამედ თითქოს საქმე არ გაფუჭებულა და საქმეს ხელს არ აფასებდა არავინ, ანუ მმართველი გუნდი პირდაპირ მფარველობს ჩემი შვილის მკვლელობას და არა მარტო მკვლელებს, იმ დანაშაულის ჩამდენ პირებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა ამ საქმის გაყალბებაში,“ - განაცხადა სარალიძემ.

სარალიძის თქმით, შვილმკვდარმა მამებმა სამართლის აღსრულებისთვის ყველა ღონეს მიმართეს, ხოლო ხელისუფლებამ სტრასბურგშიც დაგეგმილი ვიზიტიც ჩაშალა.

ზაზა სარალიძის თქმით, ის და მალხაზ მაჩალიკაშვილი „სისტემის მსხვერპლები“ არიან.

„პასუხისგებაში აპირებდნენ ჩვენს მიცემას ბატონ მალხაზთან ერთად. დღეს ალბათ, გერმანიის ფედერალურ ციხეში ვიქნებოდით. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ ქართველ საზოგადოებას, არ აქვს მნიშვნელობა ამას ექიმი იქნება, პროკურორი იქნება, გამომძიებელი იქნება, შსს-ს თანამშრომელი იქნება თუ ვისი თანამშრომელი იქნება, ეს სტუდენტი იქნება, მასწავლებელი იქნება, არსებითი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია, ყველას მოვუწოდებ, რომ დაგვიდგეს დღეს ჩვენ გვერდში, ჩვენ ერთად უნდა აღვავლინოთ სამართლიანობა ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლება ამბის გადაფარვას ცდილობს და სიმართლის დადგენას ხელს უშლიან.

„კმარა, ჩემი აბუჩად აგდება, ჩემზე დაცინვა. ამ ყველაფერს აკეთებდნენ და დღესაც აკეთებენ, რომ გამაჩერონ, რომ დამაშინონ, რამენაირად, რომ ჩაფარცხონ ეს საქმე, ეს არ მოხდება,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რათა დაიცვან მომავალი თაობა.

დღის ამბები