მარიხუანის ბიზნესში ბიძინა ივანიშვილის ინტერესების შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა პირველ აგვისტოს გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილი მაშინ ამბობდა, რომ უჩა მამაცაშვილმა საქართველოში უცხოელი პარტნიორები ჩამოიყვანა და იგეგმებოდა მარიხუანის კულტივაცია და ექსპორტზე გატანა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მარიხუანის მოწევისთვის ახალგაზრდებს ციხეში არ უნდა უშვებდნენ, თუმცა, მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ეს გადაწყვეტილება სულ სხვა მიზნით მიიღო.
„ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება უნდა სხვა მიზნისთვის იმიტომ, რომ როგორც ახლა დადგინდა უტყუარად, მისმა საყვარელმა დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა, ჩამოიყვანა ორი კვირის წინ კოლორადოს შტატიდან ექსპერტები მარიხუანის თემაზე და ისინი აპირებენ ივანიშვილის სააფთიაქო ქსელში ექსკლუზივის შექმნას და ასობით მილიონი დოლარის გაკეთებას იმაზე, რომ საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი დაბოლდეს, მოიხმარდეს მარიხუანას და ასევე ეს გადიოდეს უცხოეთში. ჯერ ბერა გამოვიდა სიმღერით ლეგალიზაციაზე და შემდეგ უკვე ივანიშვილი შემოვიდა თავისი ფინანსური ინტერესებით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.