26 დეკემბერი 2024,   15:31
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს ომს დასავლეთისგან ძლიერი რეაქცია რომ მოჰყოლოდა, შესაძლოა, ყირიმის ანექსია აღარ მომხდარიყო - ესტონეთის პრეზიდენტის ექსკლუზიური ინტერვიუ

რუსეთი ოკუპანტია, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ამ საკითხის მოგვარებას დრო სჭირდება - ეს განცხადებები საქართველოში ვიზიტად მყოფმა ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდიმ გააკეთა.

კერსტი კალიულაიდიმ „რუსთავი2“-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე, რუსულ საფრთხესა და მედიის თავისუფლებაზე ისაუბრა.

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დასავლეთის რეაქცია სუსტი იყო. კერსტი კალიულაიდი ამბობს, რომ დასავლეთს დრო სჭირდებოდა, რათა მიმდინარე პროცესებში გამორკვეულიყო. მისივე განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ქმედებებს ძლიერი რეაქცია რომ მოჰყოლოდა, შესაძლოა ყირიმის ანექსია აღარ მომხდარიყო.

„დასავლეთის რეაქცია სუსტი იყო და დრო დასჭირდა გამოფხიზლებულიყო - რეალურად რა ხდებოდა. ეს იყო საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული წესრიგის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი ,პირდაპირ დაირღვა ჰელსინკის აქტი.

შესაძლოა, ძლიერი რეაქცია რომ მოჰყოლოდა დასავლეთის მხრიდან ყირიმის ანექსია აღარ მომხდარიყო, მაგრამ ისტორიას ხელახლა ვერ დავწერთ. ესტონეთის, როგორც საქართველოს ძლიერი პარტნიორის პოზიცია არ შეცვლილა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. ამ საკითხის მოგვარებას მოთმინება სჭირდება, მაგრამ ეს დანებებას არ ნიშნავს“-ამბობს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი.

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ის უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პრეზიდენტს.

დღის ამბები