26 დეკემბერი 2024,   15:28
ვრცლად
შვილმოკლული მამების აქცია რუსთაველის გამზირზე - შეკრებილებმა ოქტომბრიდან ახალი სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება დააანონსეს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა ოქტომბრიდან ახალი სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება დააანონსეს. ეს განცხადება შვილ მოკლული მამების აქციაზე ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

აქციაზე მივიდნენ სამოქალაქო მოძრაობის შექმნის ინიციატორებიც. როგორც პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, მოძრაობა ოქტომბრის დასაწყისში წარდგება საზოგადოების წინაშე და მისი მთავარი მიზანი ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დაჩქარება იქნება. სამომავლოდ, სამოქალაქო მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც გეგმავს.  

გარდა ამისა, ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა გუშინ, აქციაზე განვითარებული მოვლენების გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ბოდიში მოუხადეს. მათ აქციაზე კიდევ ერთხელ გააჟღერეს საკუთარი მოთხოვნები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას გულისხმობს.

„ვინ მოკლა ჩემი შვილი, ვინ მოკლა მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი? დღეს, ეს კითხვა როგორც ჩანს ამ ხელისუფლების ხელში არც იქნება ამოხსნილი. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ორი მინისტრი გამოდის და არვინ არ იქნება პასუხისგებაში მიცემული პირდაპირ ღიად აცხადებს. სათქმელიც აღარაფერი აღარ მაქვს. ჩვენ მანამ ვიქნებით აქ, სანამ ეს მკვლელი ხელისუფლება არ გადაშენდება აქედან, იმიტომ რომ თავად არიან მკვლელები და თავად არიან მკვლელების ხელის დამფარებლები,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, საქართველოს მოსახლეობას აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა.

„ისევ და ისევ მინდა მთელს საქართველოს მოვუწოდო, ნუ რჩებით სახლში, გამოვიდეთ. ეს ხელისუფლება არის რაღაც ერთიანად შეკრული მონსტრთა კონა,“ - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.  

აქციაზე შეკრებილების სიტყვით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებას დღეს საკუთარი თავი ჩიხში შეჰყავს, საიდანაც გამოსვლას ვერ მოახერხებს.

აქციაზე იმყოფებოდა ადვოკატი, მიხეილ რამიშვილიც.

ამ დროისათვის აქცია პარლამენტთა უკვე დასრულებულია, თუმცა აქციის მონაწილეები და შვილმოკლული მამები რჩებიან რუსთაველის გამზირზე და კიდევ ერთი ღამის გათენებას გეგმავენ.

უკვე მესამე დღეა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობენ, თუმცა მათი მოთხოვნები - გადადგეს "ქართული ოცნების" მთავრობა, ამ დრომდე რეაგირების გარეშე დარჩენილი.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

 

 

 

დღის ამბები