„იბერიას“ საქმეზე „კურიერის“ გასაჯაროებულ ახალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს საუბარი არ სურს. „კურიერის“ ჟურნალისტის კითხვას მამუკა ბახტაძემ თავი აარიდა.
ზოგადად ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება დაცულია.
„ჩვენ ყოველთვის ავიღებთ პასუხისმგებლობას საქართველოში იმაზე, რომ საქართველოში იყოს დაცული მედია პლურალიზმი. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება გახლავთ სწორედ ის, რომ საქართველოში ჩვენ მოვიტანეთ მედია პლურალიზმი და ბუნებრივია, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი წარმატება. რაც შეეხება საგადასახადო კომპონენტს, რომელიც ეხება თამბაქოს ბიზნეს და კომერციულ საქმიანობას, ეს არის განსხვავებული ასპექტი. მე მთავრობის სხდომაზე ამის შესახებ ვისაუბრე და ეს არ არის ნამდვილად ლამაზი, როდესაც აქციონერი ცდილობს, ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას,“ - განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ახალი ფარული ჩანაწერი. სადაც ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას ორ მილონნახევარი ლარი მისცენ.
სახელდებიან საქმის მომგვარებელი შუამავალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე. ამ შეთავაზებით ხელისუფლების სახელით „ომეგა ჯგუფის“ მფლობელთან საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მივიდა.