22 დეკემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ახალი დეტალები მარიხუანის კულტივაციის კანონის შესახებ - საქართველოს სამთავრობო უწყებას კანაფის კონტროლის სააგენტო ემატება 

მარიხუანის კულტივაციის კანონის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ხელისუფლება კანაფის მოყვანის, გადამუშავების და ექსპორტის კონტროლისთვის ახალ უწყებას შექმნის.

საქართველოს სამთავრობო უწყებას კიდევ ერთი ახალი, კანაფის კონტროლის სააგენტო ემატება. ახალი სააგენტოს უფროსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დანიშნავს და მისი ფუნქცია კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება იქნება. კანაფის კონტროლის სააგენტო გასცემს ლიცენზიებსაც. მარიხუანას მოყვანის ნებართვას საქართველოში მხოლოდ იურიდიულ პირებს ხუთ წლიანი ვადით მისცემენ.

კანაფის კონტროლის სააგენტო ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იქნება. სწორედ დეპუტატები ჩაიბარებენ უწყებისგან ყოველწლიურ ანგარიშებს.

საკანონმდებლო ცვლილებებს უკვე მოჰყვა კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან. დეპუტატების ნაწილი ლეგალიზებას ემხრობა, თუმცა კულტივაციის დაშვებას ამ ფორმით არა. საპარალამენტო ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ კანაფის მოყვანით კონკრეტული პირები მიიღებენ სოლიდურ სარგებელს.

კანონპროექტის მიხედვით, მეწარმეს უფლება ექნება სამედიცინო და სამრეწველო მიზნით კანაფი არამხოლოდ მოიყვანოს და ექსპორტზე გაიტანოს, არამედ გადაამუშაოს და მისგან პროდუქციაც დაამზადოს, თუმცა ამ კოსმეტიკის და მედიკამენტების გაყიდვა საქართველოში აკრძალული იქნება.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ თუ საპარლამენტო განხილვებისას დაინახავენ, რომ მარიხუანის ლეგალური კულტივაცია, ნარკოტიკის უკანონო გავრცელებას არ გამოიწვევს, კანონპროექტს მხარს დაუჭერენ. 

 

დღის ამბები