26 დეკემბერი 2024,   22:08
ვრცლად
ხორბლის იმპორტიორების პროტესტი გრძელდება - გადამზიდავები ფინანსთა მინისტრის ბრძანების გაუქმებას ითხოვენ

ხორბლის იმპორტიორების პროტესტი გრძელდება - ლილოს გამშვები პუნქტი ისევ პარალიზებულია.

გადამზიდავები ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, ხორბლის იმპორტიორებს ქვეყანაში მარცვლეულის სახმელეთო გზით შემოტანა აეკრძალათ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლერი ბარნაბიშვილმა, მათ მხოლოდ ის უთხრა, რომ სამინისტრო პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობს, მძღოლებთან დიალოგს კი მხოლოდ პროტესტის შეწყვეტის შემდეგ დაიწყებს.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მდგომარეობის გამოსწორების მიზნით 2-დღიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვით დაიმუქრნენ.

მძღოლების მტკიცებით, ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ხელისუფლებამ გზებზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება დაიწყო. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას უარყოფენ და განმარტავენ, რომ ნატახტრის გზაზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის როტაცია მოხდა.

აქციის მონაწილეებმა დღეს გადაწყვიტეს, ბრძოლა სასამართლოშიც დაიწყონ. სარჩელზე უკვე მუშაობს არასამთავრობო სექტორი.

იმპორტიორების მხარდასაჭერად ევროპული საქართველო პარლამენტში სოფლის მეურნეობისა და ფინანასთა მინისტრებს იბარებს.

ლილოს გამშვები პუნქტი უკვე 2 დღეა, პარალიზებულია. გადამზიდავები პროტესტის შეწყვეტას და ტერიტორიიდან ავტომანქანების გაყვანას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე ფინანსთა მინისტრი საკუთარ ბრძანებას არ გააუქმებს.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები