ამ წუთებში ლილოს ტერმინალში ისევ დაძაბული მდგომარეობაა. ხორბლის გადამზიდავების აქციის ერთ-ერთი მონაწილე კვლავ მინისტრის მოლოდინშია, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობის სახურავიდან გადმოხტომით, ან ტავის დაწვით იმუქრება.
ფინანსთა მინისტრს ხორბლის გადამზიდავები დღეს, 11:00 საათზე უნდა შეხვედროდნენ, თუმცა ჯანო ამყოლაძის მიერ პროტესტის უმკაცრესი ფორმის გამოყენების შემდეგ, ვითარება შეიცვალა, შესაბამისად გადამზიდავები სამინისტროში მისვლას აღარ აპირებენ.
"ჩვენ მოლაპარაკებებს ვეთანხმებით, გვინდა შეთანხმება მოხდეს მოლაპარაკების გზით, არავინ არ ველოდით ამას. მოგეხსენებათ რა დღეში ვართ ყველა. ყველა ადამიანი ვერ უძლებს ფსიქიკურად, ადამიანმა გადაწყვიტა ეს, ასეთ ფორმას მიმართავს და ჩვენ გვერდში ვუდგევართ ყველა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაც არის, ამ ადამიანის უსაფრთხოდ ჩამოყვანაა,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ჯანო ამყოლაძის კოლეგები აცხადებენ, რომ მას ფინანსური პრობლემები აქვს და პროტესტის ეს ფორმაც, სწორედ ამ ყველაფრის შედეგია.
"უმძიმესი ფინანსური პრობლემები აქვს, ბანკებში ვალები, თორემ არ მივიდოდა ესეთ უკიდურეს მდგომარეობამდე,"-განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.
ადგილზე იმყოფებიანც სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ერთი ეკიპაჟი.