22 დეკემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ჰესების გამომუშავებული ელექტროენერგია ექსპორტზეც ვერ გავა - სპეციალისტები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას 22.7 თეთრამდე პროგნოზირებენ 

მსოფლიო ბანკი სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში გასაიდუმლოებულ ხელშეკრულებებს და ჰესების მშენებლობას ეხება.

17 გვერდიანი დოკუმენტი „ნენსკრა“ ჰესის, „ნამახვანისა“ და „კორომხეთის“ ჰესების შესახებ მომზადდა. მსოფლიო ბანკის სპეციალისტები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ.

დოკუმენტში წერია, რომ ჰესების აშენების შედეგად საქართველო ელექტრო ენერგიას იმაზე უფრო ძვირად მიიღებს, ვიდრე აქამდე იღებდა. დასკვნაში ნათქვამია, რომ  მომხმარებლებისთვის ტარიფი კი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ორგანიზაციას კვლევა ფინანსთა სამინისტრომ დაუკვეთა, როგორც ჩანს უწყებისთვის კვლევის შედეგები მიუღებელი აღმოჩნდა და ამიტომ დასკვნა  არ გასაჯაროებულა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ინვესტორებთან სავალდებულო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც გამომუშავებული ენერგია ძვირად უნდა შეიძინოს. ელექტროენერგიის ტარიფი კი იმდენად მაღალია, რომ ექსპორტზეც ვერ გაიტანს.

„არათუ არ დაგვჭირდება ამდენი ელექტროენერგია, ვინაიდან ძალიან მაღალი ტარიფებია ჩადებული ხელშეკრულებებში.

მოგვიწევს კოლოსალური თანხების გადახდა ინვესტორებისთვის ელექტროენერგიაში, რომელიც საქართველოს რეალურად არც დასჭირდება და რეალურად ექსპორტზეც ვერ გაიტანს.

დღევანდელი 12.5 თეთრიდან ელექტროენერგიის ფასები მკვეთრად იწყებს მატებას შემდეგი წლიდან, ხოლო 2030 წლისთვის ის მიაღწევს 22.7 თეთრს“-ამბობს ”მწვანე ალტერნატივის” წევრი დავით ჭიპაშვილი.

დასკვნას, რომელიც 2018 წლის დასაწყისში მომზადდა და აქამდე არ საჯაროვდებოდა, საგანგაშოს უწოდებენ სპეციალისტები. ენერგეტიკოსები და გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ეკოლოგიური კატასტროფის პარალელურად საქართველო მილიარდობით ფინანსურ დანაკარგს მიიღებს.

”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა  დედამიწის მეგობრები - საქართველოს” თანათავმჯდომარე ამბობს, რომ ძვირი ელექტროენერგია გამოუსადეგარი იქნება აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის. ეს ხარჯები კი საქართველოს მოსახლეობას ჰესის მშენებლობით მიღებულ ეკოლოგიურ პრობლემებთან ერთად დააწვება.

დღის ამბები