22 დეკემბერი 2024,   06:27
ვრცლად
"კონკრეტული პირის მიმართ არსებობს მტკიცებულებები, რომ დაიწყოს სამართლებრივი დევნა"- ომბუდსმენი შს მინისტრის მოადგილეს პასუხობს

სახალხო დამცველი შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას ეხმაურება. საუბარია ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დროებითი კომისიის დასკვნაზე, რომელზეც დაყრდნობით ომბუდსმენმა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაცია გასცა.

ნინო ლომჯარიას ამ განცხადებას ნათია მეზვრიშვილმა უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვერც პარლამენტი და ვერც სახალხო დამცველი კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ვერ გადაწყვეტს. 

ნინო ლომჯარია კი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი მოქმედებს კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებით, რომელიც მას საშუალებას აძლევს გასცეს რეკომენდაცია კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყების თაობაზე.

„კატეგორიულად არ დავეთანხმები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ამ განცხადებას იმიტომ, რომ სახალხო დამცველის უფლებამოსილება, რომელიც  კანონით არის განსაზღვრული არის ის, რომ მას შეუძლია რეკომენდაციით მიმართოს  საგამოძიებო ორგანოებს დევნის დაწყების თაობაზე. შესაბამისად,  სახალხო დამცველი  მოქმედებდა თავისი მანდატის ფარგლებში და სახალხო დამცველი მოქმედებდა სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციით პროკურატურას კვლავ მიმართავს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ამის საფუძველს იძლევა.

„სახალხო დამცველმა ძალიან დეტალურად შეისწავლა საქმის საგამოძიებო  მასალები. ყველა პირის დაკითხვას დავესწარით. და კომისიის მასალებსაც  ვიცნობთ. აქედან გამომდინარე სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კონკრეტული პირის  მიმართ არსებობს მტკიცებულებათა ის ერთობლიობა რაც არის საკმარისი დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ კონკრეტულმა პირმა შესაძლოა ჩაიდინა დანაშაული. ხოლო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, როდესაც  არსი დაკმაყოფილებული ამ შემთხვევაში დევნის დაწყების საფუძველი ეს მტკიცებულებები შეიძლება გახდეს,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ

ამავე თემაზე
დღის ამბები