22 დეკემბერი 2024,   06:25
ვრცლად
თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება - პატრიარქის მოწოდების მიუხედავად, მღვდელმთავრები სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არ წყვეტენ

პატრიარქის მოწოდების მიუხედავად, მღვდელმთავრები სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არ წყვეტენ. თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება - ასეთი რადიკალური განცხადებით, მიმართა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.

ეპისკოპოსის წერილი სოციალურ ქსელში ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მღვდელმთავარი წერს, რომ ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ქვეყნისათვის საშიშია. მღვდელმთავარმა მწვავე წერილი ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ გამოაქვეყნა, რომელმაც სასულიერო პირები კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა შემოქმედელმა ეპისკოპოსმა იუდას სიტყვებს შეადარა.

შემოქმედელი ეპისკოპოსი მეხუთე მღვდელმთავარია, რომელიც „ქართული ოცნების“ რჩეულ პრეზიდენტობის კანდიდატს ღიად დაუპირისპირდა და მწვავედ გააკრიტიკა.

წმინდა სინოდის გავლენიანი წევრების გარდა, ზურაბიშვილს დაუპირისპირდნენ მღვდლებიც. მწვავე შეფასებების ფონზე, გუშინ საღამოს საქართველოს პატრიარქმა საგანგებო მოწოდება გაავრცელა და სასულიერო პირებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია.

პატრიარქის მოწოდების მიუხედავად, სამღვდელოების ნაწილი ილია მეორეს არ დაეთანხმა. არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა და მამა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და მღვდლები რიგითი მოქალაქეებიც არიან, რომელთაც საკუთარი აზრის გამოხატვას ვერ აუკრძალავენ.

პატრიარქს მადლობა განცხადებისთვის დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაუხადა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ილია მეორის მოწოდება დროული იყო, რადგან ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან სახელმწიფო საქმეებში ჩარევის ღია ნიშნები გამოჩნდა.

დღის ამბები