შავი ფულით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შესაძლო დაფინანსების საქმე - არასამთავრობო სექტორი გამოძიების დაწყებას ითხოვს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საგამოძიებო უწყებებს იმ ფარული ჩანაწერის დეტალების შესწავლისკენ მოუწოდებს, რომელიც გუშინ „კურიერის“ ეთერში გავიდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი შესაძლო კორუფციულ სქემაზე საუბრობს. ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ საქმე საგამოძიებო უწყების გარდა აუდიტის სამსახურმაც უნდა შეისწავლოს.
„გარდა იმისა, რომ ამ ყველაფრით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და სუს-ი, იმიტომ, რომ აქ, სავარაუდოდ, კორუფციასთან გვაქვს საქმე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ქვეყანაში პარტიების დაფინანსების მონიტორინგზე. ეს ყველაფერი არის საგანგაშო და ამ მომენტისთვის მთავრობის მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ გაგვიგია, რაც კიდევ უფრო დიდი პრობლემაა,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.
საქმე ეხება "ომეგა ჯგუფს" და ჩანაწერის მიხედვით, მმართველი პარტიის დასაფინანსებლად ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ირიცხება.