26 დეკემბერი 2024,   22:28
ვრცლად
229 შესწორება, მათ შორის 6 "რუსთავი 2"-ის საქმეზე - საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშს 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს

საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშს დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განიხილავდნენ. ევროდეპუტატებმა იმსჯელეს, თუ როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, დოკუმენტში 229 შენიშვნა შედის, საიდანაც 6 „რუსთავი 2“-ის  საქმეს უკავშირდება.

ევროპარლამენტარებმა დღეს თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ სახელისუფლებო ზეწოლაზე ისაუბრეს და ყურადღებას კრიპტოვალუტების გამოყენებით პოლიტიკური კორუფციის მაღალ რისკებზეც გაამახვილეს.

229 შესწორება ევროპარლამენტის წევრებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში რჩება პრობლემები, რომელთა დოკუმენტში დაფიქსირება და იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სამომავლოდ ევროკავშირის წევრობა სურს, მოგვარებაც აუცილებელია. სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზირება, ერთი კაცის უზარმაზარი გავლენა, სასამართლო ნდობის გარეშე და ხელისუფლების სურვილი გააკონტროლოს მედია კვლავაც პრობლემურ საკითხებად რჩება.

კომიტეტის სხდომიდან გამოსულმა ევროპარლამენტარებმა დღეს "კურიერთან" ინტერვიუში ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ „რუსთავი 2“-ის ცნობილი მაგალითის პარალელურად, ახლა აქტუალური ტელეკომპანია „იბერიას“ თემაც გახდა. პასუხები კი ხელისუფლებამ ყველა პრობლემურ საკითხს უნდა გასცეს.

3 ოქტომბერს კი ანგარიშის მთავარი მომხსენებელი ანდრეის მამიკინსი კიდევ ერთხელ შეხვდება თანამომხსენებლებს და უკვე 9 ოქტომბრამდე ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ექნება დრო იმისთვის, რომ შეიმუშაონ ერთიანი კომპრომისული ვარიანტი, რომელიც საგარეო კომიტეტის სხდომაზე უნდა წარდგეს.

9 ოქტომბერს გაირკვევა, დღეს არსებული 229 შენიშვნიდან საბოლოო დოკუმენტში რომელი შევა და როგორი ფორმულირება ექნება შესწორებებს.

ევროდეპუტატებმა საგარეო კომიტეტის სხდომაზე უნდა უყარონ კენჭი კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც ფაქტობრივად, ანგარიშის ტექსტის საბოლოო ვარიანტი იქნება.

სწორედ ამ დოკუმენტს კი, სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისში უყრიან კენჭს, მანამდე კი დებატები გაიმართება.

დღის ამბები