26 დეკემბერი 2024,   22:55
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს - Edison Research-მა კვლევა გამოაქვეყნა

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს. საერთაშორისო ორგანიზაციამ კვლევა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. რეიტინგის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, მხოლოდ მესამე ადგილზეა, მეორე ადგილს კი "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი იკავებს. 

კითხვაზე, "დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას," შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე - 22%, დავით ბაქრაძე - 18%, სალომე ზურაბიშვილი - 15%, შალვა ნათელაშვილი - 8%, დავით უსუფაშვილი - 3%, ზურაბ ჯაფარიძე 2%, სხვა კანდიდატი - 7%, არ ვიცი/არ უპასუხა - 25%.

ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი კვლევის მხოლოდ ერთ შეკითხვაში ლიდერობს, იქ, სადაც გამოკითხვა ამომრჩევლის ნეგატიურ განწყობას გამოხატავს.

შეკითხვაზე, "რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არც ერთ შემთხვევაში," პირველ ადგილს 41 პროცენტით სალომე ზურაბიშვილი იკავებს:

შედეგები დეტალურად ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი - 41%, ზურაბ ჯაფარიძე - 29%, შალვა ნათელაშვილი - 16%, გრიგოლ ვაშაძე - 13%, დავით ბაქრაძე - 11 %, დავით უსუფაშვილი - 11%. 

Edison Research-ის მიერ გამოკითხულთა 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გარდაუვალი იქნება.

„რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევა სხვა საკითხებსაც დაეთმო. გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის ფარგლებში მოსახლეობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც შეაფასა.  

საერთაშორისო ორგანიზაციის ვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 43% „რუსთავი 2-ის“ პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემებიდან იღებს ინფორმაციას.

Edison Research-მა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით მთელი საქართველოს მასშტაბით 3000 ადამიანის გამოკითხა. მონაცემებში ცდომილება 2%-ია. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები