26 დეკემბერი 2024,   14:29
ვრცლად
სმიტების ოჯახის მკვლელობა - დაცვის მხარე ბრალდებულის ხადას ხეობაში წაყვანას და ადგილზე ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ხადას ხეობაში წაყვანასა და ადგილზე ექსპერიმენტის ჩატარებას დაცვის მხარე ითხოვს, თუმცა, ადვოკატი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს.

სმიტების ოჯახის 3 წევრის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატებმა უწყებას ოფიციალურად მიმართეს და 28 სექტემბერს, 19 წლის მწყემსის შემთხვევის ადგილზე გამოკითხვა მოითხოვეს.

ლექსო კობაიძე ამბობს, რომ შს სამინისტროს არ სურს, 7 ივლისის მოვლენების ქრონოლოგიურად აღდგენა, არ აქვს მტკიცებულებები და ამიტომ უარს ამბობს ხეობაში ბრალდებულის წაყვანაზე.

ადვოკატები უწყების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათი მტკიცებით, შს სამინისტრო სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობას ობიექტურად არ იძიებს და უმოქმედოა.

გამოძიებას უნდობლობას უცხადებს მალხაზ კობაურის ოჯახიც. მარიამ მარტიაშვილი დარწმუნებულია, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობა შეკვეთილი იყო და ნამდვილ დამნაშავეს მაღალი თანამდებობის პირები ხელს აფარებენ.

ადვოკატების გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს, კობაურის ხადას ხეობაში ბადრაგირებაზე, სიცრუეს უწოდებენ გახარიას უწყებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, კობაურის დაცვის მხარემ ამ მოთხოვნით მათ 27 სექტემბერს მიმართა, პასუხს კი კანონით განსაზღვრულ ვადაში, 3 დღეში მიიღებენ.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები