მსოფლიოში აღიარებული მოქანდაკე, გუჯი ამაშუკელი, რომლის ნამუშევრებიც ყველაზე ცნობილ მუზეუმში ინახება, სამშობლოში 44 წლის შემდეგ პირველად ჩამოვიდა.
გუჯი ამაშუკელის დედაქალაქში დაბრუნების მიზეზი მის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერისათვის შექმნილი ჭედური ყდაა.
გუჯი ამაშუკელმა „ვეფხისტყაოსნის“ ყდის გაკეთება სიმბოლური გამოსახულებებითა და ძვირფასი ქვებით გადაწყვიტა.
ყველაფერს თვითონ აკეთებს, 2500-მდე ხელსაწყოც საკუთარი ხელით დაამზადა. მსოფლიოში აღიარებული იუველირი, რომლის ნამუშევრებიც დაცულია ვატიკანის, ლუვრის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმებში, ამბობს, რომ ხელსაწყოების კოლექცია მისთვის ძალიან ძვირფასია.
გუჯი ამაშუკელის შემოქმედება 1974 წელს, პარიზში გადასვლის შემდეგ დაიწყო. იხსენებს, რომ პირველი კოლექცია ბაბუისგან სამახსოვროდ დარჩენილი 4 ვერცხლის კოვზისგან დაამზადა.
საქართველოში მოგზაურობისას ბაგრატის ტაძარი, გელათი და უბისის მონასტერი დაათვალიერა, სურდა ბათუმის ნახვაც, სადაც ახალგაზრდობაში ხშირად ჩადიოდა, თუმცა ამჯერად ვერ მოასწრო.
ამაშუკელი ბელგიაში ყოველწლიური გამოფენისთვის ემზადება. მისი ახალი კოლექცია ვერცხლში ნაკეთები 30 ე.წ სამაგიდო ნივთისგან შედგება.