26 დეკემბერი 2024,   22:26
ვრცლად
პოლიცია სექსმუშაკებზე ძალადობს და თანაშრომლობას აიძულებს - საია-ის კვლევა

სექსმუშაკები განიცდიან ძალადობის სხვადასხვა ფორმებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისგან და მათ რეპრესიული კანონმდებლობა არ იცავს - ამის შესახებ კვლევა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა და რეკომენდაცია წარადგინა.

საია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შეტანას ითხოვს.

ძალადობის მსხვერპლი სექსმუსაკები ხშირად პოლიციას დასახმარებლად არც მიმართავენ, რადგან ეშინიათ.

სექსმუშაკების კლიენტები ხშირად ძალოვანი უწყების თანამშრომლები არიან, თუმცა, პოლიციელები სექსში ფულს არ იხდიან და მომსახურების სანაცვლოდ, ქალებს მუშაობის უფლებას აძლევენ. ქალები ამბობენ, რომ უარის შემთხვევაში, ძალოვნები მათ ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.

სექსმუშაკი ქალები ყვებიან, რომ ხშირად პოლიციელები მათ ფულის სანაცვლოდ თანამშრომლობას სთავაზობენ. სექსმუშაკები ამტკიცებენ, რომ პოლიცია მათ ხშირად კონკრეტული პირების წინააღმდეგ მტკიცებულებების შესაგროვებლად იყენებს.

ძალოვანი უწყების თანამშრომლების გარდა, ქალებზე ხშირად მათივე კლიენტებიც ძალადობენ, სცემენ და ფულს ართმევენ, თუმცა, სექსმუშაკები ამბობენ, რომ პოლიცია უმოქმედოა და ამ დანაშაულებს არ იძიებს.

მოძალადე სამართალდამცავების შესახებ ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია არა აქვს შს სამინისტროს.

უწყებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა მოძველებულ ფაქტებს ეყრდნობა, სექსმუშაკებს კი მოუწოდებენ, რომ დარღვევის შესახებ დროულად განაცხადონ.

პარლამენტსა და შესაბამისს უწყებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რეკომენდაციები უკვე გაუგზავნა. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა ჯერ პარლამენტს არ დაუწყია. 

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები