26 დეკემბერი 2024,   22:25
ვრცლად
სად ცხოვრობს ოთარ ფარცხალაძე - ყოფილი მთავარი პროკურორის ციხე-სიმაგრე, რომლის დიდი ნაწილი მიწის ქვეშ მდებარეობს

ნუშის ბაღების ქუჩიდან ყოფილი მთავარი პროკურორის სახლის გადაღება კურიერმა შეძლო.

ოთარ ფარცხალაძის სახლი ბეტონით არის ჩამოსხმული. სახლის სიმაღლე მიწის ზემოთ 3 მეტრი და 90 სანტიმეტრია, მიწის ქვემოთ კი 4 მეტრი და 50 სმ. მიწისქვეშა სარდაფს არც ერთი ფანჯარა არა აქვს. აქ მდებარეობს ავტოსადგომი 4 მანქანისთვის, 4 საწყობი და საძინებელი სველი წერტილით.

სარდაფი ბუნკერის ელემენტებით რომ მთლიანად მიწის სიღრმეში ყოფილიყო, ფარცხალაძემ 2 ჰექტარზე მეტი მიწა ამოიღო. მიწისქვეშა ბუნკერი სულ 380 კვადრატული მეტრია.

სარდაფი ოთარ ფარცხალაძის ხმაურიანი საქმეების ჩამონათვალში აქტუალური ომეგა ჯგუფის სკანდალური ჩანაწერების შემდეგ გახდა. ზაზა ოქუაშვილთან ერთ-ერთი საუბრის დროს სპორტის ყოფილი მინისტრმა, ლევან ყიფიანმა, მას უთხრა, თუ როგორ დასაჯეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძემ და მისი შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა მას შემდეგ, რაც სახელწმიფო რეკეტის შესახებ გიორგი კვირიკაშვილს აცნობა.  

ფარცხალაძის სახლის სარდაფსა და მიწის ზემოთ ჟურნალისტებს არ უშვებენ. სახლის პროექტის მიხედვით, მიწისპირა სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი, სამზარეულო, სველი წერტილები, საზაფხულო ვერანდა, კაბინეტი, 3 შიდა ეზო და საცურაო აუზი. გიგანტური, შავი ღობის გარდა კი რკინა-ბეტონის კონსტრუქციით აშენებულ სახლსაც და მის მეპატრონესაც მრავალრიცხოვანი დამცველები ჰყავს.  

ფარცხალაძის სახლის ღობის გარე პერიმეტრზე ბევრი სათვალთვალო კამერაა. ამასთან ერთად, დაცვის წევრმა რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფის გადაღებაც დაიწყო.

მრავალმილიონიანი შენობის ასაშენებლად ყოფილ პროკურორს ერთი წელი დასჭირდა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 8 თვის განმავლობაში მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, რის გამოც სამშენებლო კომპანია დააჯარიმეს. მშენებლობის უფროსი, დავით შახბაზოვმა კურიერის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.  

რეესტრის მონაცემებით, მიწა სახლის ასაშენებლად ოთარ ფარცხალაძემ 2017 წლის 13 დეკემბერს გაიფორმა. ამავე დოკუმენტში წერია, რომ ყოფილმა პროკურორმა კაკლების დასახლებაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარე 3 მიწის ნაკვეთი გაიერთიანა. 1500 კვადრატული მეტრი ტერიტორია ყოფილ პროკურორს დავით მამულაიშვილმა გადაუფორმა, თუმცა, რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ამ მიწას მამულაიშვილი მცირე ხნით ფლობდა, მანამდე მისი მეპატრონე- იოსებ დოლიძე იყო.

სოსო დოლიძე ბიზნესმენი და ფოთის პორტის ყოფილი მოწილე, პირველად ბუკა პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეში გამოჩნდა.

2016 წლის თებერვალში ექსმინისტრს საბურთალოს სასაფლაოზე თავს დაესხნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თავში ჩაქუჩი ჩაარტყეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს. მაშინ პრესა წერდა, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ბუკა პეტრიაშვილი სასიკვდილოდ სწორედ სოსო დოლიძის დავალებით გაიმეტეს. საქმეში ფიგურირებდა ორი თავდამსხმელი, გამოძიებამ კი მხოლოდ ერთის ვინაობა დაადგინა. ლევან მექვაბიშვილს,  რომელსაც 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, მალევე სასჯელი 7 წლამდე შეუმცირდა. ცოტა ხანში დანაშაულში ბრალდებულს საპროცესო გარიგება გაუფორმდა.

გაიფორმა თუ არა ძვირადღირებული ქონება სოსო დოლიძისგან ოთარ ფარცხალაძემ, პროკურატურაში მისი გავლენების სანაცვლოდ, ყოფილი პროკურორი ამ დრომდე არც ერთ შეკითხვას არ პასუხობს. უცნობია ასევე, როგორ ივსება წლიდან წლამდე მილიონიანი შემოსავლებით ფარცხალაძის ბიუჯეტი.

პროკურორობიდან წასვლის შემდეგ ფარცხალაძის დეკლარაციაში ბინების, მანქანების, ბიზნესწილების და შემოსავლების რაოდენობა გაიზარდა. ბიზნესწილების მფლობელები ხდებიან მისი ოჯახის წევრები - შვილი, ანდრია ფარცხალაძე და მეუღლე,  ეკატერინე ჩხიკვიშვილი.

ოთარ ფარცხალაძის შვილს ეკუთვნის წილი რესტორან წინანდალში, რომელიც სალომე ზურაბიშვილისთვის საარჩევნოდ გადაცემული ფართის მფლობელი კომპანიის პარტნიორია. ოფისი ვარდების მოედანზე მდებარეობს. ამავე ადგილზე, მთელი მიწისქვეშა კომპლექსის მფლობელი კომპანიიდან წილი კი ფარცხალაძის მეუღლეს, ეკატერინე ჩხიკვიშვილს, ეკუთვნის.

დღის ამბები