26 დეკემბერი 2024,   23:53
ვრცლად
ოთარ ფარცხალაძეს საპარტნიორო ფონდთან კავშირი არ აქვს და არ ჰქონია - დავით საგანელიძე

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ოთარ ფარცხალაძესთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ყოფილ პროკურორს არც საპარტნიორო ფონდთან და არც მასში შემავალ კომპანიებთან, კავშირი არ აქვს. საგანელიძისთვის გაუგებარია ფარცხალაძის ადვოკატის გუშინდელი განმარტებები, სადაც ის ყოფილი პროკურორის გამდიდრების წყაროდ საავიაციო ქარხანას ასახელებს. დღეს ამ თემაზე ფარცხალაძის ინტერესების დამცველს დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებია.

"მე სხვათაშორის მერე სპეციალურად მოვუსმინე როცა მითხრეს. სულ სხვა ვერსიები ჰქონდა ერთი და იგივე საუბრისას და დღეს როგორც მითხრეს, კიდევ სხვა ვერსია თქვა. ასე ნებისმიერმა ადამიანმა ნებისმიერ „ფაქტზე“ შეიძლება ისაუბროს, რომელიც არანაირ კავშირში არაფერთან არ არის.

"გუშინ ჩვენი საპარტნიორო ფონდის იურიდიულმა დეპარტამენტმა გააკეთა განმარტება მე არაფერს დავამატებ. გეტყვით ერთს, რომ არანაირი შეხება არც თავიდან მშენებლობის პროცესში, არც მუშაობის პროცესში, არც როგორც დამფუძნებელს, არც როგორც კონსულტანტს, ბატონ ფარცხალაძეს ფონდთან, არ ჰქონია არ აქვს და რა იქნება მომავალში, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ ახსენა ფარცხალაძის ადვოკატმა მისი და საპარტნიორო ფონდის კავშირი, საგანელიძემ უპასუხა:

"მე მეკითხებით, გენაცვალე, რატომ გააკეთა განცხადება? ჩვენ ახლა კაფეში ვსხედვართ და ვსაუბრობთ, რას ემსახურება მისი განცხადება? არ მაინტერესებს, რომელიღაცა ადვოკატი, რომელიც პირველად ვნახე ცხოვრებაში, რას საუბრობს და  მეკითხებით რატომ თქვა ეს განცხადება. მას ჰკითხეთ, მე მინდა გავიმეორო და მოგცათ ეს განმარტება დეპარტამენტმა,რომ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.“-განაცხადა საგანელიძემ.

ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძემ სოლიდური შემოსავლები ახლადგახსნილი საავიაციო ქარხნიდან მიიღო. თუმცა სააქციო საზოგადოება „აეროსტრუქტურების ტექნოლოგიების“ დირექტორი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე მათთან არ მუშაობს.

ქარხანა, რომელზეც ფარცხალაძის ადვოკატმა ისაუბრა, 10 მაისს გაიხსნა, ჯერ სატესტო რეჟიმში მუშაობს, პროდუქცია არ გაუყიდია და არც შემოსავალი მიუღია.

დღის ამბები