26 დეკემბერი 2024,   23:50
ვრცლად
როგორ იშოვა მილიონები ოთარ ფარცხალაძემ - ყოფილი პროკურორის ადვოკატმა ფარცხალაძის გამდიდრების ვერსია მესამედ შეცვალა

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლის გაზრდის ვერსია ბოლო 24 საათის განმავლობაში მესამედ შეცვალა. გუშინ 05:00 საათზე ფარცხალაძის ინტერესების დამცველი, გაგი მოსიაშვილი ამტკიცებდა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი თვითმფრინავების ნაწილების ქარხნის კონსულტანტია და ფულს ამ კომპანიიდან იღებს. სამ საათში ეს ვერსია შეიცვალა და ადვოკატმა თქვა, რომ ფარცხალაძე არა ფირმის კონსულტანტი, არამედ ებრაელი ინვესტორების საქართველოში შემოსვლის დროს შუამავალი იყო.

დღეს იგივე ადვოკატმა ყოფილი მთავარი პროკურორისა და თვითმფრინავების ქარხნის ურთიერთობის ახალი ვერსია გააჟღერა. ამჯერად გაგი მოსიაშვილი ამტკიცებს, რომ ფარცხალაძე ებრაელ ინვესტორებთან მანამდე მუშაობდა, ვიდრე ქარხანა აშენდებოდა და ფული მაშინ იშოვა.

თვითმფრინავების ნაწილების ქარხანა საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსებით ებრაულმა კომპანია „ელბითიმ“ ააშენა და მისი წილის მფლობელი სახელმწიფოა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, რომელიც საავიაციო ქარხნის მშენებლობის პროცესს პირადად ხელმძღვანელობდა, ოთარ ფარცხალაძესთან კავშირს უარყოფს.

ოთარ ფარცხლაძის სოლიდურ შემოსავალთან დაკავშირებით ოპოზიციას კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაუჩნდა. ხელისუფლების ოპონენტები ელიტური კორუფციის ღია ნიშნებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის მილიონები არაფორმალური მმართველობის და ბიზნესის რეკეტის შედეგია.

საიდან აქვს სოლიდური შემოსავალი ოთარ ფარცხალაძეს - „კურიერის“ ამ კითხვას „ქართული ოცნების“ ლიდერებმა თავი აარიდეს. საპარლამენტო უმრავლესობიდან დღეს მხოლოდ  რომან კაკულია იყო ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის საქმიანობის მიმართ კითხვები მასაც აქვს, რომელსაც ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები