26 დეკემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ოზურგეთში ჩაცხრილული ორი მამაკაცის ოჯახი, გურიის პოლიციის უფროსს მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებს

ოზურგეთში ჩაცხრილული გურამ ფოცხიშვილისა და მისივე სიძის, დიმა ომოლჩენკოს ოჯახი გურიის პოლიციის უფროსს მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებს. დაზარალებულების თქმით, პოლიციის განყოფილებაში მათ ვიდეოჩანაწერი აჩვენეს, სადაც ამ დროისთვის ძებნილი კახა მეგრელიშვილი, ზედმეტსახელად „ბუძგია“ პოლიციის უფროსის, კახა მურადაშვილის თანდასწრებით დეტალურად ყვება, როგორ დაგეგმა და განახორციელა კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირის მკვლელობა.

გარდაცვლილების ოჯახი ირწმუნება, რომ აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, კახა მეგრელიშვილმა განყოფილება ისე დატოვა, რომ არ დაუკავებიათ. დაკითხვიდან მალევე კი ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა. ოჯახი ვარაუდობს, რომ მეგრელიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დაეხმარნენ.

კახა მეგრელიშვილის ბრალეულობა გამოძიებამ მალევე დაადგინა, თუმცა ის უკვე ქვეყნიდან იყო გაქცეული. ოფიციალური ვერსიით, მეგრელიშვილს მოკლულ ფოცხიშვილთან კონფლიქტი ჰქონდა, დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფოცხიშვილმა მეგრელიშვილის ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ანგარიშსწორების მიზნით, ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა, ფარულად აედევნა ფოცხიშვილს და მასთან ერთად მყოფი სიძე, 33 წლის მამაკაციც ოზურგეთის ცენტრში ჩაცხრილა.

მოკლულების ოჯახი უკვე ერთ წელზე მეტია, რაც უშედეგოდ ითხოვს სასამართლოზე იმ აუდიოჩანაწერის განხილვას, სადაც ძებნილი მეგრელიშვილი სამართალდამცველებს დანაშაულის დეტალებს აღუწერს.

დაზარალებულები ირწმუნებიან, რომ 2 მამაკაცი სხვადასხვა იარაღიდან ჩაცხრილეს და დანაშაულში კახა მეგრელიშვილის გარდა, სხვა პირებიც ფიგურირებენ.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები