27 დეკემბერი 2024,   02:12
ვრცლად
პროკურატურა ყველაფერს მოიმოქმედებს რომ არ დაკითხოს ივანიშვილი - ოპოზიცია ახალ სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს

"ომეგა ჯგუფის" საქმე და ახალი სკანდალური ჩანაწერები საიდანაც იკრვევა, რომ ივანიშვილმა ლევან ყიფიანის ცემის შესახებ ყველაფერი იცოდა - ოპოზიციას იმედი არ აქვს, რომ ამ პროკურატურის პირობებში საქმეზე სიმართლე დადგინდება.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი აცხადებს, რომ პასუხი „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობამ 28 ოქტომბერს უნდა გასცეს.

„სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ რა თქმა უნდა პროკურატურა ყველაფერს მოიმოქმედებს რომ არ დაკითხოს ივანიშვილი. არ გამოიძიოს ეს საქმეები. ერთადერთი გამოსავალი არის 28  ოქტომბერი. არჩევნები, როდესაც პასუხი ამ ყველაფერზე  უნდა მიიღოს  "ქართულმა ოცნებამ," საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის არჩევნებში აქტიური მონაწილეობით,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გამოძიებას უნდობლობას უცხადებს „ევროპული საქართველოც.“ გიგი უგულავა აცხადებს, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა, რომელიც მართავს ასევე არაფორმალურ ჯგუფს ფარცხალაძის სახით.

„ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უკვე ჩამოყალიბდა არაფორმალურ მმართველობად, რომელსაც ჰყავს არაფორმალური ჯგუფები ფარცხალაძის სახით, რომელიც კადიროვის მსგავსად გადაადგილდება ქალაქში უამრავი მანქანით და ეს ადამიანი უკვე გახდა სახიფათო. ფიზიკურად სახიფათო გახდა  ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. არავინ არ არის გულუბრყვილო ამ ქვეყანაში ისე რო იმედოვნოს, რომ ბარონ მიუნჰაუზენივით ასე თავს მოქაჩავს  ფარცხალაძე, მითუმეტეს არაფერი არ აქვს მოსაქაჩი და პროკურატურა გამოიძიებს მის დანაშაულებებს. ეს დღევანდელი პროკურატურის პირობებში არ მოხდება,“-განაცადა გიგი უგულავამ.

საერთაშორისო ტრიბუნალს ითხოვს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი. საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტელიტა მთლიანად კორუფციაშია ჩართული.

„ეს უკვე არ არის ფარული ჩანაწერები, ეს გახლავთ მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო კორუფციის ფაქტები, რომელსაც სათავეში უდგას პოლიტიკური ხელმძღვანელი და ამ ხელმძღვანელის განეიტრალება  აუცილებელია არამარტო  არჩევნებით, არამედ სამართალდამცავთა მოქმედებით ან საერთაშორისო ტრიბუნალების საშუალებით. სხვა შემთხვევაში კიდევ რას მოგვწევენ ესენი და რა უბედურებას შეგვამთხვევენ არავინ არ იცის,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ომეგას" საქმეზე ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერები გასაჯაროვდა.  საუბარში, სავარაუდოდ, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი, სპორტის ყოფილი მინისტრი და "ომეგა ჯგუფის მენეჯერი" მონაწილეობენ. ერთ-ერთ ჩანაწერში ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან კონფლიქტი მოუვიდა. რომ ის ფარცხალაძემ სახლის სარდაფში ჩაიყვანა და მასზე იძალადა. სპორტის ყოფილი მინისტრი ყოფილი პროკურორის მიერ მასზე ძალადობის ფაქტზე საუბრობს მეორე აუდიოჩანაწერშიც. ლევან ყიფიანი იხსენებს, რომ მან ეს თემა ბიძინა ივანიშვილთან განიხილა. აუდიოფაილიდან ირკვევა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დეტალებს არკვევდა და აინტერესებდა, ვინ შეიგინა პირველმა - ფარცხალაძემ თუ ყიფიანმა.

მესამე ფარულ ჩანაწერში კი საუბრის მონაწილეები ახსენებენ ორ პირს - „ზარალასა“ და მაღრაძეს. კურიერის ინფორმაციით, „ზარალა“ ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია, რომელიც ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა, მაღრაძე კი პოეტი დავით მაღრაძე. ჩანაწერის მიხედვით, ფარცხალაძე-ყიფიანის შერიგება „ზარალამ“ და დავით მაღრაძემ სცადეს. აუდიოჩანაწერში ასევე ისმის გიორგი გახარიას სახელიც, რომელიც მოლაპარაკებებს გამოეთიშა მას შემდეგ, რაც ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად გაუსწორდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები