26 დეკემბერი 2024,   14:30
ვრცლად
მირზა სუბელიანს უნდა ჩემთან შეხვედრა და ეს იყო მესიჯი იმისთვის, რომ მე ის ვინახულო - ლალი მაროშკინა

„მე ვფიქრობ, რომ ეს მესიჯია ზუსტად იმისთვის, რომ მე ის ვინახულო,“ - ასე აფასებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი ლალი მაროშკინა გლდანის ციხეში გაკეთებულ აუდიოჩანაწერს, სადაც მირზა სუბელიანი ლალი მაროშკინას ახსენებს.

აუდიოჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ კახა კახიშვილი სოზარ სუბარის წინააღმდეგ ლალი მოროშკინას დახმარებით მოქმედებდა.

მაროშკინა ამბობს, რომ კახა კახიშვილი 2013 წლამდე ექსპერტი იყო და მისი დახმარება რაიმე მოსაზრების გასავრცელებლად არ დასჭირდებოდა.

„კახიშვილს რა სჭირდა საიმისო, რომ მე უნდა გამეხმოვანებინა რომელიმე მისი აზრი, კახიშვილი იმ პერიოდში იყო ექსპერტი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ეთერში იჯდა და ამბობდა, რასაც თვლიდა საჭიროდ. მათ შორის, გვაკრიტიკებდა ჩვენ,“ - აცხადებს მაროშკინა.

მოროშკინას თქმით, აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ მიხვდა, რომ მირზა სუბელიანს მასთან შეხვედრა სურს.

ლალი მოროშკინა ამბობს, რომ სუბელიანი თავისებური ადამიანია და სწორედ ამიტომ არ დაურეკა ტელეფონზე და არ სთხოვა ციხეში შეხვედრა.

„მე ვფიქრობ, რომ სუბელიანს უნდა ჩემთან შეხვედრა და ეს იყო მესიჯი იმისთვის, რომ მე ის ვინახულო, მით უმეტეს მე დავპირდი, რომ გნახავ აუცილებლად. იმიტომ, რომ მას ახლა რეალურად უჭირს მორალურად,“ - განაცხადა ლალი მაროშკინამ.

სუბელიანის თქმით, 2013 წელს კახიშვილი ფარული მიყურადების ობიექტი იყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციებს, იქ ლალი მაროშკინას მონაწილეობასა და მაროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს.

დღის ამბები