26 დეკემბერი 2024,   14:32
ვრცლად
სკანდალური ჩანაწერები გლდანის მერვე დაწესებულებიდან - "რუსთავი 2" ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის მხრიდან თავდასხმის ობიექტი ხდება 

სკანდალური ჩანაწერები გლდანის მერვე დაწესებულებიდან - საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ დღეს დაადასტურა, რომ გლდანის ციხეში მასსა და მირზა სუბელიანს შორის შემდგარი საუბარი ნამდვილია. „რუსთავი 2“-ის გავრცელებული ჩანაწერის არც ერთი ფრაგმენტი „ქართული ოცნების“ დეპუტატს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. დეპუტატი „რუსთავი 2“-ზე მხოლოდ იმის გამოა გაბრაზებული, რომ არხმა ციხის საიდუმლო შეხვედრის ფარული ჩანაწერი მოიპოვა.

დღეს ჯაფარიძე ფიზიკურად და სიტყვიერად არხის ჟურნალისტს დაუპირისპირდა. პარლამენტის წევრი ხელისუფლებას იმის დადგენას სთხოვს, როგორ მოხვდა ყველაზე დაცული სივრციდან ფარული ჩანაწერი ტელევიზიის ნიუსრუმში.

ვიქტორ ჯაფარიძის მსგავსად, ოპონენტების კვალს ხედავს ფარული ჩანაწერების უკან შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი გახარია ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ პროვოკაციების მოწყობა იგეგმებოდა, რაც ამ დროისთვის უკვე აღკვეთილია. შინაგან საქმეთა მინისტრმა ისიც დაადასტურა რომ ამ საქმის ფარგლებში ფარული მიყურადება ხორციელდება, თუმცა ვისზე და რა ჩანაწერებია მოპოვებული, გახარიას არ დაუკონკრეტებია.

დღეს გახარაიამ დააკონკრეტა, რომ ოპონენტების გეგმებზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებენ. 

არჩევნების წინ, რომ ოპოზიციის წინააღდეგ ძიება მიმდინარეობს, ეს დღეს პარტია „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს. ფრაქცია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ ოპონენტებს ხელისუფლება უსმენს, ოღონდ კანონიერ გზით. მამუკა მდინარაძემ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მოტივით, ჩანაწერების გასაჯაროებაც არ გამორიცხა.

ოპოზიცია კი ხელისუფლებას ურჩევს ოპონენტების ბრალდებების ნაცვლად, იმ სისტემურ დანაშაულებებზე აიღოს პასუხისმგებლობა, რომელიც მირზა სუბელიანის სკანდალური ფარული ჩანაწერებით იკვეთება. 

მირზა სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერებზე და მის შინაარსზე კითხვის ნიშნები აქვთ უმრავლესობის წევრების ნაწილსაც. ისინი ამბობენ, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის საუბრის შინაარსი მნიშვნელოვანია და საქმეზე სასწრაფო გამოძიება უნდა ჩატარდეს.

ციხის სკანდალურ ჩანაწერებზე რომ არაერთი კითხვა არსებობს, ამაზე განცხადებები მესამე სექტორშიც გაკეთდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები