26 დეკემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ოთხთვიანი გამოძიება და დაუსჯელი მკვლელი - მეთევზეს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და მოკლეს

ოთხი თვის წინ მოკლული მეთევზის საქმეზე სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. სათევზაოდ წასული როლანდ სომხიშვილი 25 ივლისს დაუდგენელმა პირმა მოკლა. მეთევზეს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.

სომხიშვილი შემთხვევის დროს სათევზაოდ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა როგორც ტატიანა მელნიკოვა იხსენებს, მეთევზეს ბადის გაშლის დროს უკნიდან ისე მიეპარნენ და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რომ მას მკვლელი არ დაუნახავს.

მელნიკოვა ლაგოდეხისა და წნორის პოლიციამ რამდენჯერმე გამოკითხა, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

დამნაშავის დასჯას უკვე 4 თვეა, ითხოვს მეთევზის დედა. დაუსჯელი მკვლელების გამო გულო სომხიშვილმა თვითმკვლელობა სცადა. გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ შვილის მკვლელის ვინაობა რძალმა იცის და მალავს.

გულო სომხიშვილი დანაშაულის დაფარვის გამო ტატიანა მელნიკოვას დაკავებას ითხოვს. პოლიცია იმ ვერსიაზეც მუშაობდა, რომ ტატიანა მელნიკოვას გაცილებით მეტი ინფორმაცია ჰქონდა, ვიდრე ამბობდა.   

მელნიკოვა ამტკიცებს, რომ მისგან სასურველი ჩვენების მისაღებად სამართალდამცველებმა ზეწოლა მოახდინეს. პოლიციელთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტს შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები