26 დეკემბერი 2024,   13:54
ვრცლად
გაუპატიურებაში ბრალდებული ჯარისკაცის საქმე - დაკავეული სამხედრო მისთვის მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრობს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებული ჯარისკაცის საქმის განხილვა დაიწყო. თავად სამხედრო მოსამსახურე, რომელიც 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომის მონაწილეა, აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა კარგად დადგმული პროვოკაცია. ბრალდებული ლოჯისტიკის დეპარტამენტში მუშაობდა, რომელსაც კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, ტყვია-წამლის ქურდობა დაუკავშირდა. პარალელურად დაკავებულის ოჯახის წევრი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტიური წარმომადგენელია.

დღევანდელი სასამართლოს სხდომა მისი სენსიტიურობიდან გამომდინარე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაიხურა.

წინასასამართლო სხდომაზე როგორც ბრალდების მხარემ, ასევე დაცვის მხარემ, მტკიცებულებები წარადგინეს, რომელთაგან მოსამართლემ დასაშვებად მხოლოდ ნაწილი მიიჩნია. მათ შორის ის ვიდეოფირიც, რომელიც ხვიჩა შარაშენიძის ადვოკატმა მოიპოვა და საქმეს დაურთო.

ადვოკატის განცხადებით ბრალდების მხარე ცდილობდა, რომ მტკიცებულებებიდან ამოეღო გაბრიელ ხარშილაძის დაკითხვის ოქმი, რომელიც არის პირდაპირი მოწმე საქმეში, რაზეც მოსამართლემ უარი განაცხადა.

„მოსამართლემ არ დაუკმაყოფილა აღნიშნული მოწმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა, გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით და გაბრიელ ხარშილაძე, რომელიც არის ე.წ. ოქროს მოწმე, ოქროს მოწმეა იმდენად რომ მან დეტალურად აღწერა ყველაფერი და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს,“-განაცხადა ხვიჩა შარაშენიძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.

საქმის პროკურორის განცხადებით კი მოსამართლემ ბრალდების მხარის წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია დაზარალებული თათია ცაგურიშვილი. მის ინტერესებს სხდომაზე პროკურატურის მხარე იცავდა. 

დღის ამბები