26 დეკემბერი 2024,   23:56
ვრცლად
ბუნებრივი აირის გადასახადი შესაძლოა, გაიზარდოს  

ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის შემდეგ, სავარაუდოდ, მოსახლეობას ბუნებრივ აირშიც მომატებული ფასის გადახდა მოუწევს. გაზის კომპანიებმა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას უკვე მიმართეს თხოვნით, გადაიხედოს გაზის ტარიფი.

სემეკში ამ შესაძლო გადაწყვეტილების ზუსტი თარიღი არ იციან, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ბუნებრივი აირის საფასური გაიზრდება.

ოპოზიცია ტარიფების ზრდის გარდაუვალობაზე საუბრობს.

ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ ამის წინაპირობა ეკონომიკურმა გუნდმა ჯერ კიდევ ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ჩადო, როცა სახელმწიფო ბიუჯეტი დოლარის 2 ლარსა და 63 თეთრიან კურსზე გათვალა. უმცირესობა, ლარის გაუფასურებასთან ერთად, ტარიფების ზრდას ელოდება.

სემეკში დენის ტარიფის გადახედვაზე განაცხადი ჯერ არ შეუტანიათ, თუმცა, ენერგეტიკოსები ფასების ზრდას არც აქ გამორიცხავენ. ეს გარდაუვალი იქნება, თუ ლარი კიდევ გაუფასურდა და ის დოლართან მიმართებაში, 2 ლარსა და 80 თეთრს ასცდება.

ელექტროენერგიის ტარიფი სემეკმა გასულ წელს 3 წლის ვადით დაადგინა, თუმცა, მხოლოდ ორლარნახევრიანი კურსით. ამიტომ, კომპანიებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ერთად შეუძლიათ, ფასის გადახედვა წელსაც მოითხოვონ.

არც ოპოზიციას და არც ექსპერტებს არ ეთანხმება მმართველი გუნდი. უმრავლესობაში ლარის გაუფასურების მიუხედავად გადასახადების ზრდას არ ელოდებიან.

 

დღის ამბები