26 დეკემბერი 2024,   22:04
ვრცლად
"როდესაც ჩანერგილებზე ლაპარაკობენ მნიშვნელოვანია, რომ მათ პირველ რიგში თავის გუნდს შეხედონ"-მესამე სექტორი ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

ხელისუფლებას არ აქვს პასუხი ყველა იმ კრიტიკულ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს - ასეთია მესამე სექტორის შეფასება ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავდასხმა სამოქალაქო სექტორზე, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა სხვა საკითხებზე. 

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ქვეყანა არის საკმაოდ დიდი სკანდალში გახვეული, პასუხი ხელისუფლებისგან კი არის ის, რომ მესამე სექტორი შეკრულია კონკრეტულ პარტიასთან.  

დღეს ჩვენ რა მოცემულობაშიც ვართ ეს არის ძალიან დიდი სკანდალი. დღეს აუცილებელი არის, რომ ამ კითხვებზე პასუხები გაეცეს რაც არის საზოგადოებაში იმიტომ, რომ აქ აღარ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ჩანაწერებზე, აქ უკვე  ვრცელდება ვიდეოები და სახელმწიფომ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს ამ ყველაფერს. ისინი ამ ყველაფერს პასუხს ვერ სცემენ. როდესაც ჩანერგილებზე ლაპარაკობენ, მე ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია, რომ მათ პირველ რიგში თავის გუნდს შეხედონ. ჩვენ წლებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც კანონდარღვევაშიც იყო ჩართული ენმ-ს დროს, დღეს მაღალჩინოსნები არიან „ქართული ოცნების“ რიგებში,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

ბიძინა ივანიშვილს კრიტიკითვე პასუხობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც". სულხან სალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მესამე სექტორის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს ჭორაობის სტილით.

„ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტული ტიპის პრობლემებზე, ხელისუფლება საუბრობს ჭორაობით და რაღაც ისეთი შეფასებების გამოყენებით როგორიც არის ვთქვათ ფაშისტი ან სხვა მსგავსი. და რეალურად ეს არის არა პასუხი იმ კითხვებზე და გამოწვევებზე რაზეც ჩვენ ვესაუბრებით ეს ეხება სასამართლო სისტემას, ეს ეხება გამოძიებას, ეს ეხება პარლამენტს, ეს ეხება არაფორმალური მმართველობის ელემენტებს, ეს ეხება კორუფციას მაღალ ეშელონებში. არც ერთ ამ თემაზე ხელისუფლება არ საუბრობს არგუმენტირებულად. საუბრობს მარტივი ნიშნისმოგებით, რომ ეს ყველაფერი ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგის  ნაწილია. შეიძლება ეს განვიხილოთ ერთგვარ მცდელობად, რომ მოხდეს დისკრედიტაცია ამ ორგანიზაციების,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის" ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს საზოგადოება კარგად ხედავს. სოფო ვერძეულის თქმით, სწორედ მოქალაქეები განსაზღვრავენ არის თუ არა ამ ქვეყნის პრობლემა არასამთავრობო სექტორი და მედია როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი ამბობს.

„ძალიან სამწუხარო სტრატეგიაა და  უკვე გარკვეულ წილად ისტერიას ემსგავსება იმაზე ლაპარაკი, რომ ამ ქვეყანას არასამთავრობო სექტორის და მედიის იქეთ პრობლემა არ აქვს. და დიახაც, მძიმე სიღარიბის თუ ეკონომიკური ფონის მიუხედავად მოსახლეობას აქვს რესურსი და შესაძლებლობა, რომ ობიექტურად შეაფასოს რა არის მთავარი გამოწვევები ამ ქვეყნის. და საზოგადოება შეაფასებს არის თუ არა არასამთავრობო სექტორი მთავარი პრობლემა, ისევე როგორც მედია ამ ქვეყნის დღეს,“-განაცხადა სოფო ვერძეულმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს საგანგებო განცხადებაც გამოაქვეყნეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბოლო პერიოდში, ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან, არასამთავრობოების მიზანმიმართულმა დისკრედიტაციამ და მათი პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირების მცდელობამ კამპანიის ხასიათი მიიღო, რაც გუშინ, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით გაგრძელდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები