26 დეკემბერი 2024,   15:34
ვრცლად
"ოცნების" მაღალჩინოსნების ფეშენებელური სახლები - "კურიერის" კამერამ მმართველი გუნდის წევრების სასახლეები დააფიქსირა

ქართული ოცნების მაღალჩინოსნების ფეშენებელური სახლები - კურიერის კამერამ მმართველი გუნდის წევრების მიერ კრედიტის გარეშე ნაყიდი და აშენებული სასახლეები დააფიქსირა.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში სხვა მაღალჩინოსნებისგან განსხვავებული სახლი აქვს. განსაკუთრებული ვიზუალის გარდა, ყურადღებას მიწის ნაკვეთის მასშტაბიც იქცევს, რომლის ფართობი 3475 კვადრატული მეტრია.

კვირიკაშვილის ორსართულიანი სახლი ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში გავრცელებული ტრადიციული სტილით არის აშენებული, რომელიც ინტენსიურად მე-20 საუკუნემდე გამოიყენებოდა.

გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთში მიწის ნაკვეთი მაშინ შეიძინა, როცა ჯერ მთავრობის წევრი არ იყო. ეს სასახლე კი მას შემდეგ აიშენა, რაც პრემიერმინისტრი გახდა.

საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცმებით, სახლი არც იპოტეკით არის დატვირთული და არც რაიმე სხვა ვალდებულება ახლავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერს საბანკო სესხი არ დასჭირვებია.

ბარნოვის ქუჩაზე რაუნდ გარდენის საცხოვრებელ კომპლექსში გადადის საცხოვრებლად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ქვეყნის ყოფილი მთავარი მეხანძრე, გიორგი მღებრიშვილი.

გიორგი მღებრიშვილმა ვაკეში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კორპუსშ 190 კვადრატული მეტრი ფართობი კრედიტის გარეშე იყიდა.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, დავით სუჯაშვილს, 4-სართულიანი სახლი 1500 კვადრატულ მეტრ მიწაზეა აშენებული. აქედან მხოლოდ სარდაფი 252 კვადრატული მეტრია. დაზვერვის ხელმძღვანელმა სახლის მშენებლობა 2018 წელს დაასრულა.

მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს სახლი მცხეთაში, სოფელ ნატახტართან, აქვს. 1037 კვ მიწის ფართობზე თადუმაძემ ეს სახლი 2013 წელს იყიდა, თუმცა, ეს შალვა თადუმაძის ერთადერთი ქონება არ არის. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თადუმაძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს კომერციული ფართი საბურთალოზე, ბინა ვაჟა ფშაველას გამზირზე და ბინა ბახტრიონის ქუჩაზე.

მოქმედი პროკურორისგან განსხვავებით, ბევრად უფრო შთამბეჭდავია ყოფილ მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, 4-სართულიანი სახლი წყნეთში.

დეპუტატ გია ჟორჟოლიანს ნაფეტვრების დასახლებაში სამსართულიანი შენობა, რომლის საერთო ფართობი 646 კვ მეტრია. ჟორჟოლიანმა მიწის ნაკვეთი დიდი ხნის წინ შეიძინა, თუმცა, სახლის მშენებლობა სწორედ მისი დეპუტატობის პერიოდს ემთხვევა.

შიდა ქართლი გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი, წყნეთის ტყეში აშენებს ტერასული ტიპის სამსართულიან შენობას. სახლი ბაზალტის ქვით და ხის მასალა იქნება მოპირკეთებული. სახლს თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციების გათვალისწინებით, ექნება აუზი, რომელიც ტყეს გადაჰყურებს.

ოთხსართულიანი სახლი ბათუმში, ზღვასთან ახლოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხულო-ქედა-შუახევის კურატორის, ემზარ ბოლქვაძის, საკუთრებაა. თუმცა, ის ამჟამად მისი 13 წლის შვილზეა გადაფორმებული. სახლის მთლიანი ფართობი 454 კვადრატული მეტრია. 

დღის ამბები