27 დეკემბერი 2024,   05:22
ვრცლად
გამოდის, რომ ხელისუფლება თავად იწყებს სამოქალაქო ომს - სამოქალაქო სექტორი მმართველი პარტიის წევრთა განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს 

კრიმინალური აზროვნება და რუსული სცენარი - ასე აფასებენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები იმ განცხადებებს, რომელსაც 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკეთებენ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, რიტორიკა, რომელსაც ხელისუფლება ბოლო ორი დღეა მიმართავს  ქვეყნისთვის სახიფათოა.

მათივე განცხადებით, ამ შინაარსის განცხადებები ქვეყანაში არეულობას გამოიწვევს რაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება.

„ეს არის მოწოდება, ეს არის დაშინებაც. ეს არის კრიმინალური აზროვნება, რომელიც დეპუტატებს გააჩნიათ. თუ ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს სად არის სამოქალაქო ომის საბაბი ან რამე?

ჩვენ თავის დროზე ვერ განვუმარტეთ ადამიანებს რაც მოხდა 92 წელს. 1992 წელს სამოქალაქო ომი არ ყოფილა.  ეს იყო რუსული ვარიანტი, ეს იყო კანონიერად არჩეული ხელისუფლება დაამხო რუსულმა ჯარმა , რომელსაც ჰყავდა ისეთი ადამიანები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან. მათ შორის ერთ-ერთი გედევან ფოფხაძეა, ნუკრი ქანთარია და სხვებიც. გოგა ხაინდრავა, რომელიც მონაწილეობდა ამ პროცესში იარაღით. აქვს გამოცდილება“-ამბობს ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბეჟან ჯავახია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ხელისუფლებას გასული წლების მაგალითზე უნდა ესწავლა, რომ მსგავსი განცხადებები ძალადობის წამახალისებელია. მშვენიერაძე არ გამორიცხავს, რომ სწორედ ძალადობის ესკალაციის მიზნით აკეთებდეს მმართველი გუნდი ასეთ გზავნილებს.

„მსგავსი რიტორიკა პოლიტიკოსებისგან ყოველთვის ხდება საფუძველი შემდგომი ძალადობის ესკალაციის.  ეს ასე ხდებოდა წინა არჩევნებზე და გონიერ პოლიტიკოსებს ,მინიმუმ, წინა გამოცდილებიდან უნდა ესწავლათ, რომ  ძალადობის თავიდან ასაცილებლად მსგავსი რიტორიკით არ უნდა იყვნენ დაკავებული. სამწუხაროდ მათ ეს ვერ ისწავლეს ან ისწავლეს, მაგრამ უნდათ, რომ სწორედ ძალადობას მისცენ გარკვეული ბიძგი ამ ქვეყანაში,“-ამბობს მშვენიერაძე.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე კი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს და ამბობს, რომ გაუგებარია რას გულისხმობენ მმართველი პარტიის წევრები, როცა სამოქალაქო ომის საფრთხეზე მიანიშნებენ.

„პრაქტიკულად მმართველი პარტიის წევრები გვეუბნებიან, რომ ისინი აიღებენ იარაღს, თუ იქნებიან ჯარისკაცები... როგორც წესი სამოქალაქო დაპირისპირებები ხდება ხოლმე როცა ვიღაც ჯგუფი ხელისუფლებას აუჯანყდება, გამოდის რომ ხელისუფლება თავად იწყებს სამოქალაქო ომს? ეს ხომ წარმოუდგენელია და უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებები,“- ამბობს მიხეილ ბენიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები