19 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
დახურული შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში - კახა კალაძე თბილისის საკრებულოს წევრებს და გამგებლებს ხვდება 

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შემდეგ თბილისის საკრებულოს დეპუტატები და რაიონების გამგებლები იკრიბებიან.

უკვე ცნობილია, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მეორე ტურის წინ სტრატეგია შეცვალა და საგანგებო რეჟიმზე გადადის.

მეორე ტურის წინ ორი შტაბი შეიქმნა, ქვეყნის მასშტაბით შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე დაინიშნა, მან უკვე გამართა კონსულტაციები დეპუტატებთან. არსებული ინფორმაციით,  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თბილისის საკრებულოს წევრები და გამგებლები, თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ დაიბარა. 

„დღეს არის შეხვედრა თბილისის საარჩევნო შტაბთან რომ უფრო დამაჯერებლად მოვიგოთ მეორე ტურში“ -ამბობს საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.

კითხვაზე რა სტრატეგიას ირჩევს „ქართული ოცნება“ მას შემდეგ, რაც მათი კანდიდატი დედაქალაქში ხმების დათვლის საერთო მაჩვენებლის მიხედვით დამარცხდა,  ზარქუა პასუხობს, რომ ზურაბიშვილმა მოიგო, უბრალოდ ხმები არ ეყო.

„ისევ თქვენს სტილში ხართ. თბილისი არ წაუგია სალომე ზურაბიშვილს, არც „ქართულ ოცნებას“ . პირველი ტური მოვიგეთ, უბრალოდ ხმების რაოდენობა არ გვეყო,“-ამბობს ზარქუა.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უკვე მივიდნენ დიდუბის გამგებელი და რაიონული ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები, თუმცა ისინი ირაკლი ზარქუასგან განსხვავებით არ ადასტურებენ, რომ "ქართული ოცნების" ოფისში არჩევნების მეორე ტურის შესახებ დავალებების მისაღებად თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ დაიბარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები