„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში სრული რესურსით ერთვება.
მმართველი პარტია მეორე ტურის წინ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ცნობილი გახდა, რომ იქმნება ორი საარჩევნო შტაბი. რეგიონებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე იქნება.
გადაწყვეტილება უმრავლესობამ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ შეხვედრას პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
"იქმნება შტაბი ერთი იქნება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით,რომელსაც ირაკლი კობახიძე გაუძღვება და მეორე იქმნება თბილისის მასშტაბი, რომელსაც კახა კალაძე გაუძღვება. ეს რასაკვირველია ნიშნავს სრულ კოორდინაციას ამ ორი შტაბის და სალომე ზურაბიშვილის შტაბის და ჩვენს ყველას ჩართულობას ვინც ვართ პოლიტსაბჭოს წევრები,"-ამბობს პარლამენტი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს პრინციპული პოლიტიკური მეტოქეობა, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, თუმცა იქნება მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება, რომელის მიზანიც, აკაკი ზოიძის თქმით, მოსახლეობისთვის იმის შეხსენება იქნება, თუ რა ძალას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც "ჰუმანისტის ნიღაბს ამოფარებული" ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს.