20 აპრილი 2024,   10:15
ვრცლად
წინასწარი პატიმრობა ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს - ბრალდების მხარე მტკიცებულებებზე საუბრობს

წინასწარი პატიმრობა ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს - გადაწყვეტილება ლაშა გოგიასა და გია გულორდავას აღმკვეთი ღონისძიების შესახებ საქალაქო სასამართლომ დღის ბოლოს მიიღო. სხდომაზე მოსამართლეს სიტყვით მიმართა ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა. გია გულორდავას თქმით, თუ პროკურატურას მძევალი სჭირდება, ის მზად არის პატიმრობაში დარჩეს და თხოვნით მიმართა სასამართლოს ლაშა გოგია გაათავისუფლონ, რადგან მისი მტკიცებით, მოლაპარაკებებში ყოფილ მერს მონაწილეობა არ მიუღია. სასამართლო სხდომაზე მოსმაართლეს მიმართა ლაშა გოგიამაც და საქმეში არსებულო კითხვის ნიშნებზე ისაუბრა. 

"ადამიანმა, რომელმაც სახელმწიფო მოატყუა, აიღო რუსეთის მოქალაქეობა და არ გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან. ადამიანი დღეს არც რუსეთის მოქალაქეა და მაშასადამე არც საქართველოსი. ის სხვა გვარით ცხოვრობს რუსეთში და სხვა პასპორტი აქვს და საქართველოში კიდევ სხვა სახელი და გვარი. არსებობს საერთოდ ეს ადამიანი თუ არ არსებობს?"-განაცხადა ლაშა გოგიამ.

საქმის პროკურორი, ბექა ბეჟაშვილი განმარტავს, რომ გამოძიების მეირ წარმოდგენილი იყო ყველა საჭირო მტკიცებულება იმისათვის, რომ ბრალეუდობა დადასტურებულიყო და დაკავებული პირები პატიმრობაში დარჩენილიყვნენ.

"საქმეშია რის როგორც მოწმეთა ჩვენებები, პირდაპირი მტკიცებულებებით, ასევე არის აუდიოჩანაწერი, ასევე არის გამოთხოვილი ინფორმაციები, ქვითრები, რომელიც ადასტურებს მაგალითად ფულადი თანხის ჩარიცხვებს. წარმოდგენილი არის ექსპერტიზის დასკვნა,"-განაცხადა პროკურორმა, ბექა ბეშიჟვილმა. 

ლაშა გოგიასა და გია გულორდავას ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობა არ დასტურდება და არც დაკავებულების მიმალვის საშიშროება არ არსებობს. 

"დაახლოებით თვენახევრის წინ დაიწყო გამოძიება და ამ პერიოდის განმავლობაში ლაშა გოგიას არ უცდია რაიმე სახით ხელი შეეშალა გამოძიებისთვის,"-აცხადებს ლაშა გოგიას ადვოკატი, მერაბ მამულაძე.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გოგია და გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პირველ ნოემბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც დაკავებულების მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია.

დღის ამბები