22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
7 ნოემბრის გაკვეთილი - ბარიკადების მიღმა მდგომი ადამიანები 11 წლის შემდეგ ახალ ისტორიულ გამოცდილებაზე საუბრობენ 

7 ნოემბრის გაკვეთილი 11 წლის შემდეგ - ადამიანები, რომლებიც 2007 წელს ბარიკადების საპირისპირო მხარეს იდგნენ, წლების შემდეგ ახალ ისტორიულ გამოცდილებაზე საუბრობენ.

ლევან ბერძენიშვილი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს მომიტინგეებთან ერთად იდგა, აცხადებს, რომ ბევრი კითხვა 7 ნოემბრის საქმეზე დღემდე არსებობს. მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეს საქმე არ გამოიძიეს. ბერძენიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლება აქციების დაშლის დროს ივანიშვილის მხარდაჭერით სარგებლობდა და ის მთელი ამ პროცესის უკან იდგა.

ყოფილ პრემიერთან კითხვები 7 ნოემბრის მოვლენებზე პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსაც აქვს, რომელიც 11 წლის წინ მაშინდელ მმართველ გუნდს ოპოზიციის რიგებიდან უპირისპირდებოდა. მისი აზრით, არც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და არც მის გუნდს 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრის მორალური უფლებაც კი არ აქვთ. 

პირველი განცხადება მმართველი პარტიიდან დღეს კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და 7 ნოემბერს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე უწოდა. „კურიერის“ არქივში კალაძის ინტერვიუ ინახება, სადაც ის ამბობდა, რომ ქუჩაში გამოსული ოპოზიციის ლიდერები ხალხს პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ. ამის შესახებ დასმულ კითხვებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა დღეს არ უპასუხა. 7 ნოემბრის აქციის დაშლისა და პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რიგებში იყო. 

დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მთავრობის 11 წლის წინანდელ ქმედებებს დიდ შეცდომად მიიჩნევენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების შეცდომებზე ახალმა საერთოდ ვერაფერი ისწავლა.

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის საპროტესტო აქცია სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. 11 წლის წინ სპეცდანიშნულების რაზმი „იმედში“ შეიჭრა და ტელეკომპანია დახურა. ამ პროცესებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები