22 დეკემბერი 2024,   10:08
ვრცლად
"თუ კარვის დადგმაზეა საუბარი, ზაზა სარალიძეს ამის უფლება გააჩნია" - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გუშინ რუსთაველზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ზაზა სარალიძესა და აქციის სხვა მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება ჰქონდათ. მდინარაძე ამბობს, რომ ზაზა სარალიძის ტრაგედიას "ნაციონალური მოძრაობა" კახა კალაძის წინააღმდეგ იყენებს.

"თუ კარვის დადგმაზეა საუბარი, ზაზა სარალიძეს ამის უფლება გააჩნია. მე ვფიქრობ, მას ეს უფლება არ უნდა შეეზღუდოს. ჩვენ არავის არ შევუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას,- ეს ჩვენი სტილი არ არის.

"ძალიან სამწუხაროა, რომ შვილმკვდარი მამა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოყენებულია ძალიან ბინძურად, მაგალითად, პერსონალურად კახი კალაძის საწინააღდმეგოდ, რომლის უწყება მერიამ, უბრალოდ თხოვნა და გაფრთხილება დააფიქსირა ზაზა სარალიძის მიმართ"-ამბობს მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი კი მესამე სექტორს აკრიტიკებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. ლევან კობერიძე ამბობს, რომ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა პოლიტიკური ავანსცენის ნაწილი არ გახდნენ.

„ფაქტი ალბათ შეიძლებოდა მომხდარიყო უფრო ორგანიზებულად, მათ შორის არასამთავრობოების მხრიდან. არასამთავრობოები ზოგადად რომ აქტიურები არიან, ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ფორმები უნდა იყოს იმდაგვარი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ნებით თუ უნებლიეთ არ გახდნენ პოლიტიკური ავანსცენის ნაწილი,“-ამბობს დეპუტატი ლევან კობერიძე.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, მიხეილ ყაველაშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლება იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, პროვოკაციის მცდელობებს კი სათანადო პასუხი გაეცემა.

"ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია ცდილობდა, რომ სხვა ინტერპრეტაცია მიეცა ამ ფაქტისთვის ასეთი მცდელობები ხშირია ამ ორგანიზაციის მიერ, რასაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა"-ამბობს ყაველაშვილი. 

დღის ამბები