21 დეკემბერი 2024,   20:19
ვრცლად
"ქვეყანას რომ დასჭირდეს დღეს, ვინ შეუსრულებს ბრძანებას ყოველივე ამის მერე“ - ყოფილი სამხედრო ლევან გრიგოლია

ქართველი სამხედროები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართულ ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გადაცემა "არჩევანში“ ეხმაურებიან.

მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატმა არაერთხელ თქვა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო და საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა. 

ყოფილმა სამხედრომ, ლევან გრიგოლიამ ქართველი სამხედროების ისტორიები გაიხსენა, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისთვის თავი გასწირეს. 

ლევან გრიგოლიას თქმით, მას არ სურს ჰყავდეს ისეთი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას და ჯარის საომარი მოქმედებების დაწყებაში ადანაშაულებს.

„ეს ყველაფერი, ბოლო ხნის მოვლენები დაემსგავსა 18-21 წლის პერიოდს, წინა საუკუნეს. მე თვითონ ისეთ გარემოში ვარ, სადაც ვმუშაობ დღეს და ვმოღვაწეობ, თუ მოღვაწეობა ჰქვია ამას. იქ ამ პერსონაჟების ფოტოებია და ის ხალხის მოდის იმ სივრცეში, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობით და თავისუფლებით ფიქრობს და ცხოვრობს და გამიჩინა რაღაც ისეთი წარმოდგენა, რომ თითქოს ბატონი გენერალი დევი რომ ვნახე, თითქოს კოტე აფხაზი მოგვმართავს. მერე გავიხსენე ეს ყველაფერი, რა მოუვიდათ კოტე აფხაზს, გენერალ ანდრონიკაშვილს, პოლკოვნიკ ელიზბარ გულისაშვილს, მერე ქაქუცა, მერე ის ბრძოლა და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჰგავს ამას და ყველაფერი შეიძლება ესეც მოხდეს. მერე დავწერე სტატუსი, რომ მეგობრებო, არ მინდოდა პირველი ვყოფილიყავი მართლა, ორი დღე დავიცადე, ძალიან გავბრაზდი და გავაკეთე ეს ვიდეო,“ - განაცხადა ლევან გრიგოლიამ.

ყოფილი სამხედროს თქმით, სალომე ზურაბიშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში არც ერთი სამხედრო ბრძანებას აღარ შეასრულებს.

„თუ ამას ამბობენ, რომ გენერლები უნდა დაისაჯონ და სამხედრო პირები უნდა დაისაჯონ, რომელიც ოფიცერი შეუსრულებს ბრძანებას? ქვეყანას რომ დასჭირდეს დღეს, ვინ შეუსრულებს ბრძანებას, ან პოლიციის რომელი ოფიცერი შეუსრულებს ბრძანებას ყოველივე ამის მერე,“ - განაცხადა ლევან გრიგოლიამ.

დღის ამბები